ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში

NULL

საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და მის ექსპორტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სერიოზული გამოწვევების ფონზე გრძელვადიანი მიზნების დავიწყება არ უნდა მოხდეს. “პირიქით, დარწმუნებული ვარ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა ჩვენი ერთობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობის დემონსტრირება. დღეს მე გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ წარმატებით მივაღწევთ არსებით და ამბიციურ შეთანხმებას კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს, რითაც მილიონობით ადამიანის ცხოვრებას საფრთხე დაემუქრება.

“სწორედ დღეს არის მოქმედების დრო. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები – წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი. გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ზოოპარკი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება მოიტანა. უარყოფითი გავლენა, რომელიც კლიმატურმა ცვლილებებმა შეიძლება მოახდინოს ჩვენს ეკოსისტემასა და ეკონომიკაზე, განამტკიცებს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას დაბალი ემისიის მქონე, მდგრად განვითარებასთან დაკავშირებით და აძლიერებს ჩვენს მოტივაციას, გავაათმაგოთ ადაპტაციისკენ მიმართული ძალისხმევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.

“ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო ნამდვილი ლიდერია კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებასა და მის ექსპორტს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად