ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ღია წერილს აქვეყნებს.

„რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის ზემოთ ჩამოთვლილ ვერსიებს. ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მით უმეტეს, ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ. ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა.

ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი.

შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა“, – აღნიშნავს წერილში ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...