ძალიან გულთბილი შეხვედრა შედგა საფრანგეთის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. საქართველოს პრემიერი განსაკუთრებული პატივით და უმაღლესი პროტოკოლით მიიღო საფრანგეთის პრეზიდენტმა, –  ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უშუალო, გულწრფელი შეხვედრა გაიმართა, ფორმატი იყო პირისპირ შეხვედრა სახელმწიფო ლიდერებისა. რასაკვირველია, პრემიერმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტმა მიულოცა გუშინდელი დღის შედეგი – რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. ასევე, ისაუბრეს იმ გზაზე, რაც საქართველოს აქვს გასავლელი კიდევ მომავალში, იმ რეფორმების წარმატებაზე, რომლებმაც საქართველო საბოლოო წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ასევე, ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე და იმ რეგიონულ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად ჩვენს რეგიონშია და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც შეუძლია, საქართველოს ითამაშოს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მისაღწევად“, –  განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.