ირაკლი ღარიბაშვილი ევროპალატის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპალატის პრეზიდენტ რიჩარდ ვებერის შეხვედრის მთავარი თემები.

მთავრობის მეთაურმა ევროპალატის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოში ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით გადაიდგა და ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.

ევროპალატის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა დაუდასტურა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა. შეხვედრას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დაესწრო.

ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანებას წარმოადგენს და 45 პალატას აერთიანებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ევროპალატის წევრია 2000 წლიდან. წევრი პალატების ხაზით, ევროპალატა 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...