ირაკლი ღარიბაშილი: ვის სურს დესტაბილიზაცია ქვეყანაში, თუ არა ჩვენს ოკუპანტს, „ნაცმოძრაობას“ და მიშა სააკაშვილს

“როცა მომიწოდებენ, ვიყო კონსტრუქციული, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებთან ვიყო კონსტრუქციული. იმის ილუზია არ გვაქვს, რომ ამ ადამიანებს თავმოყვარეობა აქვთ და სინდისი აწუხებთ. არავითარი განცდა არ აქვთ, ბოდიშიც კი არ მოუხდიათ საქართველოს მოსახლეობისთვის ყველა იმ უბედურების გამო, რაც მათ ჩაიდინეს”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ აღნიშნული პირები „ახლაც არ ჩერდებიან, ახლაც ძალადობენ“.

„2019 წელს დაგეგმილი ორგანიზებული შტურმი პარლამენტზე იყო მცდელობა, რომ ჩამოქცეულიყო სახელმწიფო. მტკიცედ რომ არ დამდგარიყო მაშინ ჩვენი გუნდი, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ვინ არის დამნაშავე, ვინ არის უდანაშაულო და ასე შემდეგ. კიდევ ვიმეორებ, პოლიტიკური პარტია ვერ იქნება დამნაშავეების თავშესაფარი და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს. იმედი მაქვს, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გონიერება და კონსტრუქციული განწყობა და რომლებიც არიან ოპოზიციურად განწყობილი ჩვენს მიმართ, აქვთ შანსი, რომ რეალურად, აჩვენონ სახელმწიფოებრივი პოზიცია, გაემიჯნონ ამ დამნაშავე ორგანიზაციას, სააკაშვილს და მის დანაშაულებრივ ჯგუფს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ყველა ადამიანი უნდა გაემიჯნოს მათ დანაშაულებრივ მიზნებს.

„ოპოზიციასთან მოლაპარაკება აუცილებელია, დიალოგი აუცილებელია. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი, მაგრამ არა ამ კრიმინალებთან, არა ამ დესტრუქციულ ცხელ თავებთან, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის დანგრევა სურთ და რომელთა ინტერესები, რომელთა მიზნები პირდაპირ უკავშირდება და ემთხვევა მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს. ვის სურს ეს დესტაბილიზაცია ქვეყანაში, თუ არა ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, „ნაცმოძრაობას“ და მიშა სააკაშვილს. ყველა სხვა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, თუ ამის პრეტენზია აქვთ და მე ვიცი, რომ იქ, რიგებში არიან ადამიანები, ვისაც ამის პრეტენზია აქვს, უნდა დაუყოვნებლივ გაემიჯნონ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, მათ დანაშაულებრივ ზრახვებსა და მიზნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...