ირაკლი ჩიქოვანი: ფედერიკა მოგერინის განცხადება ნიშნავს, სადაც ევროპაა, იქ საქართველოა

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალბატონი მოგერინი საქართველოს სტუმრობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განიხილავს ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების გვერდით, როგორიც არის კორეის შეთანხმება, როგორიც არის ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა და ირანის შეთანხმება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპისათვის საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

„ეს ნიშნავს, რომ ევროპა-საქართველოს ურთიერთობა არის უმაღლეს დონეზე და სადაც ევროპაა, იქ არის საქართველო და სადაც საქართველოა – იქ არის ევროპა. საქართველოსთვის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არ ყოფილა მხოლოდ კულტურული მოვლენა – ეს იყო პოლიტიკური განაცხადი და ეს პოლიტიკური განაცხადი ადეკვატურად იქნა მიღებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ფედერიკა მოგერენიმ 2018 წლის მთავარ მოვლენებს შორის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმრობა დაასახელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, რომლის სათაურია „12 რამ, რაც 2019 წელსაც უნდა შევინარჩუნოთ“.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად