ირაკლი ანთაძე: ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას

ყოველგვარი ბრალდება უსაფუძვლოა, მხოლოდ ქართული სახელმწიფო წყვეტს, სად განალაგებს საკუთარი პოლიციის პოსტებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში განუცხადა, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა.

მისი თქმით, სოფელ ჩორჩანას საგუშაგო სტანდარტული საპოლიციო პოსტია, პირადი შემადგენლობითა და აღჭურვილობით, რომელიც მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

“ჩვენ ცალსახად დავაფიქსირეთ პოზიცია, აღნიშნული საგუშაგო მდებარეობს ცალსახად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასე იყო ყოველთვის და ასე არის ახლაც. შესაბამისად, ნებისმიერი სახის ულტიმატუმი, სად განალაგოს ქართულმა სახელმწიფომ საკუთარი პოლიციური ძალები, შეიცავს ცინიზმით გაჯერებულ აბსურდს და ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ ძალას“, – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული სტანდარტული პოსტის მიზანია ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა.

ამასთან, ირაკლი ანთაძე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციასა და ფოტოს გამოეხმაურა ხაშურის რაიონში საოკუპაციო ძალების ტექნიკის გადაადგილებაზე და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ხაშურის ქუჩებში ტექნიკა არ დადის“, – აღნიშნა ანთაძემ.

წყარო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად