ირაკლი ალასანია: “ივანიშვილს მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა”

 

"ივანიშვილს არ გამოუვა საქართველოში მაფიოზობა! არ შეიძლება ქვეყანა მართოს არაფორმალურმა ადამიანმა, მართოს პროკურატურა",-ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის ეთერით განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ივანიშვილს არ შეუძლია ჩვეულებრივი ადამიანების სიხარულის ან ტკივილის გაგება.

"ივანიშვილმა ისიც თქვა, რა უხარია ვერ გავიგეო. მართლაც მემგონი გულწრფელია ეს ადამიანი, იმიტომ რომ არ შეუძლია გაგება ჩვეულებრივი ადამიანების სიხარულის, ტკივილის. დარწმუნებული ვარ ვერც კი წარმოედგინა მას, რომ ამხელა სოლიდარობას გამოიჩენდა მთელი საზოგადოება 5 უდანაშაულო, მისი პირადი განკარგულებით  ციხეში ჩასმული ადამიანის მიმართ. ეს სოლიდარობა გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ პროკურატურამ დღეს უკან დაიხია და სახის შენარჩუნება სცადა. იმიტომ რომ გარდაუვლად ხვალ, სასამართლო მიიღებდა ლოგიკურ გადაწყვეტილებას. აქედან გამომდინარე მინდა ვუთხრა არამარტო უდანაშაულო ადამიანებს, მთელს საქართველოს, რომ თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის ბრძოლა ღირს. დღეს ეს დადასტურდა.

დადასტურდა, რომ ჩვენ მილიმეტრიც არ უნდა დავუთმოთ არავის თავგასულობა. ივანიშვილს მაფიოზობა საქართველოში არ გამოუვა. ივანიშვილმა… ეს 5 ადამიანი გამოვიდა, წაუკითხა საბრალდებო დასკვნა და ჩასვა ციხეში. რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების დროს მეტი ადამიანი იყო უსამართლოდ დაჩაგრული, მაგრამ მან, რახან ეს ნაბიჯი გადადგა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი დასჭირდება, 500-ს, 5 000 კაცს ჩასვამს ციხეში. ეს არის ის ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ და რომლის დასასრულის დასაწყისი ხვალ იწყება!",-განაცხადა ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა გირაოთი შეეცვალოთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად