ირა ჭელიძე: ჩილეში, დიქტატურა რომ დაამარცხეს, ხალხი სადმე რეჟიმის წარმომადგენლებს რომ ხედავდა, იქედან დგებოდა და მიდიოდა

მართალია, რესურსს ვერ ვხედავ, მაგრამ ორივე მხარე საერთაშორისო ფასილიტატორების, ან ვიღაცის საშუალებით უნდა დაჯდეს და დაილაპარაკონ, – განაცხადა სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტმა, ირა ჭელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

“ახლა დაპირისპირება ისეთ სტადიაზეა, რომ ეს ჩვენი, ქართველების რესურსებით ვერ მოხერხდება და რაღაც საერთაშორისო არბიტრაჟის საშუალებით უნდა მოხდეს. მე ვხედავ ასეთ ფორმატს, რომ რაღაც თანხმობის კომისია შეიქმნას, სადაც ყველაფერი ღიად ითქმება და ყველა მოვლენას თავისი სახელი დაერქმევა, მხარეები ამას აღიარებენ და არ იქნება მანიპულაციური, სიმულაციური რეალობა, როდესაც ადამიანი, რომელიც ფეხქვეშ მიწას რეალურად მიწვავდა და მიჭერდა, ახლა ლიბერალიზმს და დემოკრატიას მასწავლის, როდესაც ადამიანი, რომელიც გუშინწინ ამერიკულ კოლონიალიზმს გმობდა და კელი დეგნანს კელი გავრილოვას უწერდა, ახლა აპელირებს, რომ ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციაა და ა.შ. ასეთი სიმულაციური რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და რეალობას შევხედოთ. ეს კომისია უნდა შეიქმნას და საზოგადოება სამომავლო თამაშის წესებზე უნდა შეთანხმდეს, რა მოსულა და არ მოსულა, რა არის ის წითელი ხაზი, რომელსაც არავინ არ უნდა გადააბიჯოს. გადააბიჯებს და ადგება და პოლიტიკიდან უბრალოდ, წავა“, – განაცხადა ირა ჭელიძემ.

როგორც ირა ჭელიძემ აღნიშნა, ჩილეში საზოგადოება იმან დაალაგა, რომ როდესაც დიქტატურა დაამარცხეს, კაფეში რეჟიმის წარმომადგენელის შემოსვლისას ადამიანები მათ კი არ სცემდნენ, უბრალოდ, დგებოდნენ და განერიდებოდნენ, რითაც რეჟიმის მიმართ პროტესტს გამოხატავდნენ.

„ჩვენ ასეთი რამ თავის დროზე რომ გაგვეკეთებინა, რეჟიმის წარმომადგენლები რაღაცეებს ვერ გაბედავდნენ. მეორე, იმისთვის, რომ საზოგადოება დამშვიდდეს, სასამართლოს საკითხი უნდა გადაწყდეს. ადეიშვილის კორპუსი სახლშია წასასვლელი და სისტემა თავიდან არის დასაკომპლექტებელი აბსოლუტურად არა პოლიტიკურად ანგაჟირებული კადრებით. იმიტომ, რომ თუ ხელისუფლება შეიცვალა და „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაც სახეცვლილებით მოვიდა, ის მურუსიძე გაასამართლებს ღარიბაშვილს. ეს ზუსტად ვიცი. იმიტომ, რომ კრებსითი მურუსიძე ასეთია. მესამეა განათლების საკითხი, რომ საზოგადოებაში თაობა გავზარდოთ. იმიტომ, რომ ხანდახან ისეთ რაღაცებს ვკითხულობ და ვისმენ, რომ ვგრძნობ, საზოგადოებაში მძვინვარე უცოდინრობა და მძვინვარე გაუნათლებლობაა“, – განაცხადა ირა ჭელიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...