IPRM-ის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლების საკითხი დასვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 71-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც ადგილობრივ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაფიქსირებული მავთულხლართები, ღობეები, თუ სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის,-ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური ავრცელებს. 

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იუწყებიან, საუბარი ასევე შეეხო ცხინვალის ე.წ. ციხეში ამჟამად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ხაზი გაესვა უკანონო „პატიმრობაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლების საჭიროებას.

შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე ისაუბრა ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობაზე, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს აღნიშნული საკომუნიკაციო არხის პრაქტიკულობასა და ეფექტურობას.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად