იოსებ ხახალეიშვილი: მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა 4 გამარჯვებული იდეა:
1. საფეხმავლო და ველო ბილიკები – თამაზ ბაბუნაშვილი;
2. საბავშვო მინი- პარკი – ეკატერინე საკანდელიძე;
3. მულტიფუნქციური სველი წერტილები – თამთა გირგვლიანი;
4. საზაფხულო კინოთეატრი – ლევან ბიბილეიშვილი .
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მულტიფუნქციური სველი წერტილების პროექტი უკვე მოწონებული იყო ქალაქის საკრებულოს მიერ და ჩასმულია საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეების და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესები თანხვედრილია და კონკრეტულ დოკუმენტებშია ასახული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ამ კუთხითაა საინტერესო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი. დღეს შევხვდით კონკურსში „შენი იდეა შენი ქალაქისთვის“ გამარჯვებული 4 იდეის ავტორებს. საინტერესო პროექტებია. მათი განხორციელება 2022 წელს მოხდება და დარწმუნებული ვარ , ოთხივე მათგანი დაიმსახურებს ჩვენი თანაქალაქელების მოწონებას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტი „ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები
იტვირთება...