იოსებ გოგაშვილი: მაჩალიკაშვილი თავის საკუთარ ოჯახსაც ატყუებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა პირველმა მოადგილე, იოსებ გოგაშვილმა პირველ სატელევიზო ინტერვიუში „ქრონიკასთან“, თბილისსა და პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე და ტერორისტული აქტის მომზადების საქმეზე  ისაუბრა.

გოგაშვილის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბევრ რამეს ცრუობს. მისივე თქმით, ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

„ის თავის საკუთარ ოჯახსაც ატყუებს. იტყუებოდა თავიდან, როცა ამბობდა, რომ შეეშალათ სახლი და სხვაგან შევიდნენ, თუმცა ეს იყო სასამართლო განჩინებით. სასამართლო განჩინება თუ იყო თემირლან მაჩალიკაშვილზე, როგორ შეგვეშალა სახლი?”- ამბობს იოსებ გოგაშვილი.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა აჰმედ ჩატაევზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ჩატაევმა პირველად თემირლან მაჩალიკაშვილს დაურეკა ტელეფონით, მან კი მამას შეატყობინა.

ინტერვიუში გოგაშვილი ამბობს, რომ ის პროკურატურისგან მის დაკითხვას ითხოვს არა მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე, არამედ საქართველოში ჩატაევის შემოსვლასთან დაკავშირებითაც.

მისივე თქმით, ის სპეცოპერაციის დღეს თბილისში იმყოფებოდა და არა პანკისში.

„არ იყო წინასწარ განსაზღვრული და დადგენილი ვინმეს ლიკვიდაცია. გამომძიებლები მივიდნენ ბრალის წარსადგენად და პირების დასაკავებლად”- აცხადებს გოგაშვილი.

7 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც გამოძიების მტკიცებით, მალახაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოსო გოგაშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ავალებს.

ამ საქმეზე მაჩალიკაშვილი 10 მაისს დაკითხეს.

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი  ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის აჰმედ ჩატაევი ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია ამჯერად პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს.

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში 10 იანვარს გარდაიცვალა.

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

წყარო “იმედი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად