იოსებ არჩვაძე: ბიზნესის კორუფციისაგან თავისუფლება მისი განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვა

ბიზნესის კორუფციისაგან თავისუფლება მისი განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვა კორონავირუსის პანდემიის გამო, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა იოსებ არჩვაძემ განაცხადა.

“საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან სწრაფი, ოპერატიული რეაგირების, საკრედიტო ხაზის გახსნის და დახმარებების აღმოჩენის ერთ-ერთი ფაქტორი საქართველოში კორუფციის დაბალი დონე, ქრთამის აღების შემთხვევათა სიმცირე და მოსყიდვის წნეხისაგან თავისუფლების მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტები კონკრეტული ქვეყნისათვის ფინანსურ დახმარებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ითვალისწინებენ არა მარტო მის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს (მშპ-ის ზრდის ტემპი, ინფლაციისა და უმუშევრობის დონეები, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ა.შ.), არამედ ქვეყანაში არსებულ სამეწარმეო, ბიზნეს გარემოს, რამდენად თავისუფალია იგი არაფორმალური ურთიერთობებისაგან, კორუფციისა და გამოძალვის პრაქტიკისაგან,“ – აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე თავის ფეისბუქ პოსტში, რომელშიც მან მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შედეგები შეაფასა.
კვლევის თანახმად, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. კერძოდ, ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირის მიხედვით ჩვენი საქართველო 144 ქვეყანას შორის საუკეთესო ათეულში მოხვდა. ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორს დაიკავა ადგილი მოსყიდვის წნეხისგან(სიღრმე) თავისუფლების მიხედვით.
მსოფლიო ბანკის კვლევა, ტრადიციულად, შეეხება ბიზნეს გარემოსა და ეკონომიკის განვითრების ფაქტორებს თითოეული მათგანის ხელშემწყობი თუ ხელშემშლელი ასპექტების გათვალისწინებით (ბიზნესის რეგულაციები, ლიცენზირება და გადასახადები, ფინანსებზე წვდომა, ინფრასტრუქტურა, ინოვაციები, სამუშაო ძალა, საგარეო ვაჭრობა, კორუფცია, დანაშაული და არაფორმალური ეკონომიკა). საქართველოში გამოკითხვას 581 კომპანიის მფლობელი და მაღალი რანგის მენეჯერი დაექვემდებარა.
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ გამოკითხულ საწარმოთა რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით 8-9-ჯერ და მეტჯერ უფრო დაბალია (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 10%, მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%, ხოლო საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში – 10%-19%). ასევე, უაღრესად დაბალია მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი (0.6%). აღსანიშნავია ისიც, რომ წინა გამოკვლევებთან შედარებით, ორივე ინდიკატორის მიხედვით მდგომარეობა ამჟამად არსებითადაა გაუმჯობესებული (მაგალითად, 2008 წელს ქრთამის აღების შემთხვევათა სიხშირე შეადგენდა 9.84%-ს, ხოლო მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მაჩვენებელი – 8.72%-ს). ამრიგად, კორუფცია თუ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პირველ წლებში საქართველოში საკმაოდ მაღალ დონეს აღწევდა, ბოლო წლებში იგი, ზემოხსენებული გამოკითხვით, როგორც სოციალური მოვლენა, ფაქტობრივად დაძლეულია. გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში კერძო სტრუქტურების მიერ საჩუქრის გაცემის ფაქტები საოპერაციო ლიცენზიების მოსაპოვებლად ფაქტობრივად 0 ერთეულის ტოლია (საშუალოდ მსოფლიოში – 13%), რაც საუკეთესოა მსოფლიოს ყველა გამოკითხულ ქვეყანას შორის“, – აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.
ექსპერტის შეფასებით, კორუფციის დაბალი დონის, შესაბამისი კლიმატის ჩამოყალიბებაში ხელისუფლების ცალსახა დამსახურებასთან ერთად დიდია აგრეთვე საზოგადოების წევრთა მზარდი სამეწარმეო კულტურისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის წვლილიც, რაც გამოიხატება მოქალაქეთა როგორც საგადასახადო კულტურისა და მორალის, ისე ზოგადად, სამართლებრივი შეგნებისა და პასუხისმგებლობის ზრდაში, აგრეთვე იმ რეკომენდაციების დაცვაში, რომლებსაც მედიკოსები იძლევიან COVID-19-ის თავიდან აცილებისა და პროფილაქტიკისათვის. „ამიტომაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის განვითარებისათვის ისევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი კორუფციისაგან გათავისუფლება, როგორც მოსახლეობის COVID-19-ისაგან დაცვაში – მედიკოსების შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება“, – აღნიშნავს იოსებ არჩვაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად