იორდანიაში, თეოფილე III-ის ორგანიზებულ შეხვედრაზე ქართული ეკლესიის წარმომადგენლები არ ჩავლენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილს აქვეყნებს.

წერილის თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩასვლისგან.

„მის უნეტარესობას , იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ, თეოფილე III

თქვენო უნეტარესობავ,

მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენს მიერ გამოგზავნილი ორი წერილი (№1202б 12.12.2019 და №53 04.02.2020) ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისათვის იორდანიაში, ქ. ამანში, პირველ იერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ.

კარგად გვესმის, რომ თვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში. მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს. იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას.
ჩვენ ვიზიარებთ თქვენს პოზიციას და, ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ, ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ჩამოსვლისაგან.
აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით და კვლავაც დავესწრებით რომელიმე რელიგიურ დღესასწაულის ან საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში გამართულ ღონისძიებას.
ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსის განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს ამასთან, რაც მაკე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის.
ვლოცულობთ თქვენთვის და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტეში ერთობისათვის.
ღმერთმა მოგანიჭათ მშვიდობა და შემდგომი წარმატებები თქვენს მაღალ მსახურებაში“ – ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად