იონათამიშვილი: ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა მიიღონ სოციალური ბენეფიტები“

„კორონა ვირუსის საფრთხიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები განსაკუთრებულ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. გარდა ამ საფრთხეებისა, ერთ-ერთი პირველი გამოწვევა რაც უკვე დადებითად გადავჭერით, არის ის პრობლემები, რომლებიც ახლა შეიქმნა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბევრ ბავშვს, მოზარდს ამ პერიოდში ხელახალი სტატუსისთვის კომისიის გავლა უწევდა. მათი ადგილზე მისვლა შეუძლებელი იყო. ამიტომ ჩვენ ვიმუშავეთ ამ მიმართულებით და სანამ საგანგებო მდგომარეობა არის, არავის დასჭირდება სოციალური პაკეტის განახლების მიზნით კომისიის გავლა. მათ არ შეუჩერდებათ სოციალური პაკეტი“, – აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „POTV“-ის ეთრში განაცხადა.
მისივე განცხადებით, გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს უსინათლოებისა და სმენის არ მქონე პირთა საჭიროებებზე.
„ჩვენ ხელს ვუწყობთ ჟესტური ენის განვითარებას. ამ პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯგუფი იყოს ინფორმირებული. აქედან გამომდინარე, ყველა ბრიფინგი, ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გადის დღეს „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ არის აბსოლუტურად ადაპტირებული. ასევე, ყველა ის მნიშვნელოვანი მასალა რაც იდება „stopcov.ge“-ზე იდება სურდოთარჯიმნის თანხლებით, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოწყვლადად არ იგრძნონ თავი ასეთი საჭიროების მქონე ადამიანებმა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს დროებით შეუჩერდათ რეაბილიტაციის პროგრამები, რადგან სარეაბილიტაციო ცენტრებში სიარული რისკის შემცველია, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, თუ როგორ შეიძლება მიიღონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებმა და მათმა ოჯახებმა სოციალური ბენეფიტები“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად