იონათამიშვილი: ხაზარაძე ჯერ ანაკლიის პორტის აშენებას დაგვპირდა და უკვე მესამე წელია იტყუება

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არც შემოსულა და უკვე გამოავლინა ცუდი პოლიტიკოსისთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისება- დაპირებების შეუსრულებლობა. ის ჯერ ანაკლიის პორტის აშენებას დაგვპირდა და უკვე მესამე წელია უსასრულოდ იტყუება, დანაპირებს ვერ ასრულებს, შემდეგ ხალხს მის მიერ გამოქვეყნებულ სასაცილო წერილზე ექსპერტიზის დასკვნას დაპირდა და იქაც სამი დღეა წვალობს და კრახით ასრულებს ამ წერილის საფუძველზე წამოწყებულ უნიჭო კამპანიას.

ყველას გვახსოვს, ცოტა ხნის წინ მედიში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ხაზარაძე დიდ ფულს ხარჯავდა უცხოურ მედიაში სტატიების შესაკვეთად.
დღეს,”დოიჩე ველეს” პრაქტიკულად ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ სტატიაზე, ხაზარაძის კომენტარით, მან საკუთარი თავი გაყიდა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ეს ღიმილის მომგვრელი სტატია, რომელსაც პირველი კურსის ჟურნალისტიც მიხვდება რომ აშკარად დაკვეთილის სუნი სდის, სწორედ მისი შეკვეთილია.

თუმცა, მან დამწყები პოლიტიკოსისთვის იმდენად დაბალი ხარისხის უნარები გამოავლინა, ალბათ იმასაც ვერ ხვდება, რომ მსგავსი დაკვეთილი სტატიები და სერიოზული სახით წარმოდგენილი სასაცილო შინაარსის წერილები, არა გახარიას, არამედ ისევ მას აზიანებს.

ცალკე საკითხია, ამ დაკვეთილი სტატიის, იმ ადამიანების მიერ ატაცება, ვინც რუსულ ჯარს შემოუძღვა საქართველოში და კრემლის მთავარი მოკავშირეა. მათი შკლიაროვისეული მეთოდებით (საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება) მოქმედება უკვე ძალიან სასაცილო გახდა, რადგან ეს სქემა უკვე დიდი ხანია გაშიფრა საზოგადოებამ.

მამუკა ხაზარაძეს და “ნაციონალურ მოძრაობას” ერთმანეთის გულის გასახარებლად შეუძლიათ კიდევ ბევრი სტატია დაუკვეთონ ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ ეს ნამდვილად აღარაფერს უშველის და 2020-ში ამას ქართველი ხლხი მათ ნათლად დაანახებს.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, დარწმუნებულები ვართ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება და მისი საქმეები კიდევ ერთხელ, ნათლად წარმოაჩენს ვინ საკუთარი ქვეყნის პატრიოტია და ვინ კიდევ სხვა ქვეყნის ინტერესების მსახური”, – განაცხადა რატი ონათამიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...