ინტერვიუ გოგოსთან, რომელიც სიკეთეს აგროვებს – ნინი “ანგელოზების მუზეუმიდან” (ვიდეო)

ამ არეულ და ქაოსურ ქალაქში, სადაც ადამიანებს ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ, სადაც ვირტუალურმა სამყარომ ჩაყლაპა ადამიანური ურთიერთობების პეწი, ნაფარეულის ქუჩა N6 -ში ერთი პატარა კუნძულია, სადაც თავს მხოლოდ კეთილი ადამიანები და მათი მეგობრები იყრიან…

“ანგელოზების მუზეუმი” – ასე ჰქვია პატარა სახელოსნოს, სადაც შშმ და სსსმ პირები კეთილ ანგელოზებს ქმნიან ხან ნახატების, ხანაც კი ხელნაკეთი ნივთების სახით.

“მხოლოდ ანგელოზები” – ასეთია ამ მუზეუმის მთავარი დევიზი და იქ მობინადრეებიც ძირითადად ანგელოზები არიან..

“ანგელოზების მუზეუმის” ძალიან კეთილშობილური პროექტია “დახატე 2020 ანგელოზი”, რომელიც თავისთავში მოიაზრებს 12 მხატვრისა და 12 მოზარდის ერთობლივ კოლაბორაციას ტილოზე.

როგორც ანგელოზების მუზეუმის ხელმძღვანელი, ენდი მეყანწიშვილი გვიყვება: “ შეიქმნება 12 საუკეთესო ტილო. ეს პროექტი მათ სოციალიზაცია-რეალიზაციას შეუწყობს ხელს. ტილო მოზარდის საკუთრება იქნება და გაყიდვაც მისი სურვილისამებრ გადაწყდება. თუმცა გამოფენები დაიგეგმება როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ. მაგ: ამერიკა,ინგლისი საიდანაც შემოთავაზება უკვე მივიღეთ.”

“ანგელოზების მუზეუმიდან” დღეს ჩვენი სტუმარი სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირი ნინი ელიოზაშვილია, რომელმაც უკვე მიიღო მონაწილეობა მხატვარ ნიკო ცეცხლაძესთან ერთად ასეთი ტილოს შექმნაში. ტილოს სახელად ჰქვია “სამი ანგელოზი ერთ სივრცეში”.

“ფანჯრის ვიტრაჟს დავხატავდი, სადაც ანგელოზები არიან, გამავალ სივრცეს დავხატავდი… ადამიანი იკარგება გამავალ და დამაკავშირებელ სივრცეს შორის და შემდეგ ანგელოზი ჩნდება, რომ ეს დაკარგული, გზააბნეული ადამიანები დააბრუნოს უკან…

ანუ, გზააბნეული ადამიანების დასაბრუნებელი ფანჯრის დახატვა მინდა.. – გვიყვება ნინი…

– ნინი, შენ დაკარგულხარ ხოლმე მასე და ანგელოზს დაუბრუნებიხარ?

– სიზმარში კი, და რეალობაში არა…

– გზააბნეული ადამიანები ხშირად შეგხვედრია?

– კი, როგორ არა…

– ხატვის პროცესს რა მოაქვს შენთვის?

– უდიდესი სტიმული, მინდა რომ დავხატო სულ…

ნინი ამბობს, რომ ადამიანებს შორის დიდი გაუცხოვებაა და ამ დროს მთავარი მეგობრები არიან… მისთვის ასეთი მეგობარი ენდია, “ანგელოზების მუზეუმის” ხელმძღვანელი და მისი ხატვის მასწავლებელი…

ნინი: ენდი არა მარტო საუკეთესო მასწავლებელი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. შეიძლება ბევრი მეგობარი არ მყავს, მაგრამ ერთი მაინც იყოს და საუკეთესო… მეტი რომ იყოს უფრო კარგი იქნებოდა, მაგრამ ზოგს არც უნდა კონტაქტში შემოსვლა…

– ადამიანებთან ურთერთობის პრობლემაა?

კი და არსებობს ბევრი მიზეზი… შეიძლება იმის ბრალიცაა, რომ  მშობელმა ჩაიდინა წარსულში რამე ისეთი, რამაც ბავშვს აიძულა რომ ჩაკეტილიყო

– ანუ, შეიძლება იყოს მშობლის ბრალი?

– ან რამე სხვა სიტუაციამ გამოიწვია, ბავშვი არ ენდო არავის და იმიტომ…

– როცა ბავში არ ენდობა არავის, გამოსავალი რა არის?

– გამოსავალი ის არის, რომ შენ დაარწმუნო ის ბავშვი, რომ ის ადამიანი ხარ, ვინც მას დაეხმარება გამოსვლის ძიებაში. თუ სიკეთით მიუდგები, გამოსავალს იპოვი…-

– ანუ, სიკეთეა მთავარია…

– დიახ, მთავარია და ჩვენ ზოგიერთებს გვაკლია… საზოგადოებაში არის სიკეთის პრობლემა. ბევრი ცუდი ფაქტები ტელევიზორშიც გაგვიგია…

– შენთვის სიკეთე რა არის? როგორია კეთილი ადამიანი?

– ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ძირს რომ დავარდება ერთი ანგელოზი და მეორე გაუწვდის ხელს და ეტყვის, რომ მე შენთან ვარო, მთელი ცხოვრება, სადაც დაგჭირდები დავრჩები ერთგულიო, ეს არის სიკეთე…

– ანუ, ადამიანისთვის ხელის გაწვდომაა შენთვის სიკეთე?

– კი, ხელის გაწვდომაა.

– შენ ბევრი ადამიანისთვის გაგიწვდია ხელი?

– ზოგისთვის კი, მაგრამ  ზოგს ან უნდოდა ეგ ხელი ან არა… მაგრამ მე სულ გამიწვდია…

– როგორ დავაბრუნოთ ადამიანები სიკეთის სამყაროში? შენ რომ ცხოვრობ და შენ რომ გიყვარს, იმ სამყაროში?

– ბევრი რამე საკუთარ თავშიც უნდა შეცვალო ჯერ… შენი დამოკიდებულება ადამიანებისადმი… კარგი იქნება, რომ ერთმანეთს ზიზღით არ შევხედოთ, ისევე როგორ ახლა.ტელევიზორებშიც რომ ისმის ცუდი რამეები…ერთი მაგიდის პრინციპით დავაბრუნოთ უკან ხალხი…

– ერთი მაგიდის პრინციპი როგორია?

– ანუ, ვისაუბროთ ერთი მაგიდის გარშემო ყველა პრობლემაზე და რა პრობლემაც არის ის გადავწყვიტოთ, არა მარტო ქვეყნისთვის ვამბობ, არამედ ხალხისთვის.

– შენ რას  შესთავაზებ შენი მხრიდან ამ ადამიანებს?

აი, მაგალითად ჩემს კლასელებს შევთავაზებდი, რომ ერთ ადგილას დავმსხდარიყავით და გვესაუბრა ყველა პრობლემაზე, წარსულზეც… გავაანალიზოთ თავიდან, თუ ახალი პრობლემები გაჩნდება, იმაზეც გვესაუბრა მშვიდად… როგორც ხდება კეთილ ადამიანებში…

“ანგელოზების მუზეუმი” სოციალური საწარმოა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების სოციალიზაცია რეალიზაციაზეა ორიენტირებული. ეს არის შემოქმედებითი სივრცე სადაც ჩვენი მოსწავლეები ნაყოფიერად ატარებენ დროს. მათი შესაძლებლობების აღმოსაჩენად და გამოსავლენად ვგეგმავთ სხვა და სხვა სახის მნიშვნელოვან პროექტებს. მსგავსი ტიპის ღონისძიებები, მათ შემოქმედებით ზრდას უწყობს ხელს.ამიტომ დაიგეგმა და ხორციელდება პროექტი ,,დახატე 2020- ის ანგელოზი. #მხოლოდანგოზები.

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად