”ინტერპოლი” ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის საქმეზე 20 ადამიანს ეძებს

“ინტერპოლმა” ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით 20 ადამიანი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

“ინტერპოლმა ჟურნალისტ, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, დაკავების და ექსტრადიციის მიზნით, 20 ადამიანი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში შეიყვანა”, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ 15 ნოემბერს 18 ადამიანის წინააღმდეგ „წითელი ბარათი“ გასცა. 21 დეკემბერს მან ეჭვმიტანილების დაკავება კიდევ ორჯერ მოითხოვა. „ინტერპოლმა“ ეჭვმიტანილების დასაკავებლად ძებნა 1 მარტს დაიწყო.

8 თებერვალს, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, ანიეს კალამარმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის საელჩოში დაგეგმეს და ის სამეფოს მაღალჩინოსნების მიერ განხორციელდა.

ჯამალ ჰაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის ხელისუფლების ცნობილი კრიტიკოსი იყო, სტამბოლში არსებული საუდის არაბეთის გენერალური საკონსულოს ტერიტორიიდან 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. თურქეთმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი მოკლეს და აგრეთვე აღნიშნა, რომ ამ მკვლელობასთან ერ-რიადის 15 მზვერავია დაკავშირებული. საუდის არაბეთმა ჰაშოგის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად 20 ოქტომბერს დაადასტურა.

ერ-რიადის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საუდის არაბეთის საკონსულოში კონფლიქტი მოხდა, რომელსაც ჟურნალისტი ემსხვერპლა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი განზრახ, შეუბრალებლად მოკლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...