ინფრასტრქუტურის სამინისტრომ 6 ქალაქისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეისყიდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S. “ ხელშეკრულება გააფორმა.

ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

„ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ავტობუსების შესყიდვის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შერჩეულ 6 ქალაქში საჯარო ტრანსპორტის განვითარებისთვის. პროექტი საშუალებას მისცემს ამ ქალაქების მოსახლეობას, რომ ისარგებლონ თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკური დახმარების კომპონენტს, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო სექტორის განვითარებასა და გაძლიერებაზე ამ ქალაქებში. პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება ინკლუზიური ეკონომიკა, რადგან ის მოიცავს არა მხოლოდ თანაბარი გენდერული შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში, არამედ რეგიონებში შესაბამისი ტრენინგ ცენტრების გახსნას საჯარო ტრანსპორტის სექტორში დამატებითი სპეციალისტების მოსამზადებლად”, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ეტაპობრივად მიმდინარე წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების მოწოდება. პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაცემა.
ხელშეკრულებას ხელი მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა მაჰირ ჩაღრი ოზშეკერმა მოაწერეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...