ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: “ავერსი ფარმა” გვაიძულებს ფუნქციონირება შევწყვიტოთ

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრსა და კომპანია „ავერსს“ შორის უკვე მეორე დღეა საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დღეს თემასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომაც გააკეთა.

ერთადერთი მხარე, რომელიც კომენტარის გაკეთებისგან ამ დრომდე თავს იკავებს კომპანია „ავერსია“, სადაც „აიპრესს“ განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებებს არ უპასუხებენ, თუმცა საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებენ.

ზუსტი დრო, როდის გააკეთებს კომენტარს „ავერსი ფარმა“ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

საქმე იმაშია, რომ ნახსენები საავადმყოფოს თანამშრომლების ინფორმაციით, შენობა, რომელშიც ამ დროისთვის ინფექციურია განთავსებული 2009 წელს გაიყიდა, თუმცა რეალიზაციის მიუხედავად ამ დრომდე მათთვის ალტერნატიული ფართი არ გამოყოფილა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ „აიპრესთან“ განაცხადა, შპს „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლები საავადმყოფოს თანამშრომლებზე ზეწოლის მოხდენას ცდილობენ, რაც ერთადერთ მიზანს – მათთვის საქმიანობის შეჩერებას ემსახურება.

„ჩვენთან შექმნილია გაუსაძლისი პირობები იმ თვალსაზრისით, რომ შპს „ავერსი ფარმა“ ჩვენი ცენტრის თანამშრომლებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ვერ შევძლოთ არსებული სამედიცინო საქმიანობის გაგრძელება“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი განმარტებით, ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, პრობლემის მოსაგვარებლად „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ამის გამო კი მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „გამაფრთხილებელი“ აქცია მოაწყეს.

 „ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, შექმნილი სიტუაციის კრიტიკულობიდან გამომდინარე, რომელიც შპს „ავერსმა“ და მისმა დაქირავებულმა ადამიანებმა ჩვენი ცენტრის კოლექტივის მიმართ განახორციელეს.

ინფექციური პათოლოგიის ცენტრი ახორციელებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის პათოლოგიებით ავადმყოფების მოვლას. განსაკუთრებით საშიში ინფექციები და ყველა მძიმედ მიმდინარე ინფექციები, გადამდები, თუ არა გადამდები თავს იყრის ჩვენს ცენტრში და ვუვლით ავადმყოფებს.

ჩვენთან შექმნილია გაუსაძლისი პირობები იმ თვალსაზრისით რომ შპს „ავერსი ფარმა“ ცენტრის თანამშრომლებისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის, რათა ვერ შევძლოთ არსებული სამედიცინო საქმიანობის გაგრძელება. გვაიძულებს, რომ ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტოს. ამ შემთხვევაში საერთოდ დამთავრდება ჩვენი ცენტრის არსებობა.

ამ კატასტროფული სიტუაციისა და კრიტიკული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტეთ, შევხვედროდით „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა დღეს 12:00 საათზე იყო დაგეგმილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი წარმომადგენლები არ მოვიდნენ“,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა იმ სამ ულტიმატუმზე ისაუბრა, რომელიც მათ შპს „ავერსი ფარმას“ დაუყენეს.

„ერთი, ჩვენ რენტგენის აპარატი არ გვქონდა წლების მანძილზე. ძველი რენტგენის აპარატით ვმუშაობდით და ორი თვეა ახალი მივიღეთ. ეს აპარატი ვერ დაგვიდგამს. იქ, სადაც რენტგენის კაბინეტია მინიმალური სარემონტო სამუშაოები უნდა შევასრულოთ და ამის საშუალებას არ გვაძლევენ. აქედან გამომდინარე, ეს გაუხსნელი აპარატურა გვიდევს ორი თვეა.

მეორე, შიდსის მომსახურების კორპუსში ჩამოინგრა ორი ოთახი. ერთი განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია, სადაც დავიწყეთ გამაგრებითი სამუშაოები. ჭერი ჩამონგრეულია, იატაკი დანგრეული. ამ ოთახმა რომ გააგრძელოს ფუნქციონირება, გამაგრებითი სამუშაოები უნდა წარმოებულიყო. რა თქმა უნდა, „ავერსი ფარმას“ წარმომადგენლები მოვიდნენ, შეგვაწყვეტინეს სამუშაოები. ყოველგვარი ზემოქმედება აწარმოეს, ფიზიკური, თუ მორალური.

შეჩერებულია ეს ორი ოთახი, რომელიც შიდსით დაავადებულებს ემსახურება. ამჟამად გამოუყენებელია და ავადმყოფების მომსახურება გვიწევს სადღაც კუთხეში, შეყვანა შემოყვანა“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც კომპანია „ავერსმა“ ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია შეისყიდა ამ დაწესებულების თანამშრომლებს მუშაობა არსებული ფართის მცირე ნაწილში უწევთ, რაც ავადმყოფებისთვის კარგად მოვლაში უშლით ხელს.

„ზოგადად, რაც ეს ჩვენი ტერიტორია გაიყიდა, ფუნქციონირება გვიწევს არსებული ფართის მესამედში. ძალიან მინიმალურ ფართში და დაზიანებული ოთახები, სადაც ჩვენ უკვე ვფუნქციონირებთ, იქაც კი გვიშლიან სარემონტო სამუშაოების ჩატარებას. ამ მესამედშიც კი არ გვაძლევენ მუშაობის საშუალებას.

ამ უახლოეს პერიოდში კანალიზაცია გასკდა ჩვენს ტერიტორიაზე, ბოქსირებული განყოფილების წინ და როდესაც მუშები მოვიყვანეთ, დაატოვებინეს მათ ტერიტორია და გაუშვეს.

ჩვენი ცენტრის პარალიზება უნდათ, რადგან ვეღარ მოვახერხოთ მუშაობის გაგრძელება“,- განმარტა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „აიპრესთან“ ფიზიკური დაპირისპირებაც ახსენა და თქვა, რომ „ავერსი ფარმას“ დაქირავებული წარმომადგენლები მათ ერთ-ერთ თანამშრომელს გაუსწორდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

„გუშინ „ავერსი ფარმას“ დაქირავებულმა თანამშრომლებმა ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ, პროფესიონალ და ყველაზე კარგ ადამიანს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გუშინ უნდა ჩაგვეტარებინა აქცია და მანამდე ზუსტად შექმნეს ასეთი სიტუაცია, რომ ჩაშლილიყო შეხვედრა. ჩაიშალა კიდეც.

დღეს ჩავატარეთ აქცია. ის, რაც გუშინ უნდა გვეთქვა, არ გაგვაკეთებინეს და მოაწყვეს პროვოკაციული გამოსვლა და ყველაზე საყვარელ, ძვირფას ადამიანს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ბანდიტური თავდასხმა იყო ჩვენს ექიმზე. აქედან გამომდინარე, არც ერთი ექიმი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს. ეს ადამიანი არ არის კარგად, სამსახურში არც გუშინ იყო და არც დღეს არ არის. ისე ცუდად იყო, დღეს სამსახურში ვერ მოვიდა. მან თავი შეიკავა და საპასუხო ქმედება არ განახორციელა. ეს ძალიან რთულია, როდესაც შეურაცხყოფას გაყენებენ, გირტყამენ და საპასუხო რეაქციას არ იძლევი. ამას დიდი ვაჟკაცობა უნდა. ჩვენი ტერიტორია სავსეა კარგი ვაჟკაცებით, განსხვავებით „ავერსისგან“,- განაცხადა ეზუგბაიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...