ინგა გრიგოლია შალვა ნათელაშვილს: მოხიბლული ყოფილხართ “ნაციონალური მოძრაობით”

“არა სააკაშვილთან მე კონტაქტები არ მაქვს და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მე მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას შესაბამის კითხვაზე პასუხად განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ალიანსში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მაფინანსებს, 40 წლის წინ, როცა საბავშვო ბაღში დადიოდა მიშა სახლი ამიშენა ბაზალეთში, ანგარიშები გამიხსნა უცხოეთის ბანკებში და ა. შ. ბიძინა ივანიშვილის ბინძურ თავში გამოწოვილი პიარია ეს.

სააკაშვილთან არანაირი კონტაქტი არ მქონია, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონტაქტები მის პარტიასთან – “ნაციონალურ მოძრაობასთან” და მის ლიდერებთან, რომლებიც ამ ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოსთან თანამშრომლობენ. მინდა გითხრათ, რომ კარგი აზრის ვარ იგივე გრიგოლ ვაშაძის შესახებ. რომელიც კარგი დიპლომატი და ძალიან დადებითი პიროვნებაა. ასევე ნიკა მელია ძალიან ნიჭიერი და მებრძოლი ადამიანია. ვიცნობ მამამისს ანზორ მელიასაც, ნიკა ჩემს ხელშია გაზრდილი. მინდოდა ჩემთან წამეყვანა ნიკა და მან “ნაცმოძრაობა” აირჩია, თანაც მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იყვნენ. იგივე ქალბატონი თინა ბოკუჩავა ძალიან მებრძოლია”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე, – მოხიბლული ყოფილხართ “ნაციონალური მოძრაობით”, – პასუხობს:

“ნაციონალური მოძრაობით” კი არა პიროვნებებით ვარ ძალიან კმაყოფილი. მათთან ერთად შეიძლება ბრძოლა საქართველოსთვის”.

კითხვაზე, ეს ხომ ის ხალხია, რომელიც რუსეთის აგენტობაში გადანაშაულებდნენ და თქვენ მაშინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის რეჟიმს ეძახდით? – პოლიტიკოსი პასუხობს:

“ეს ხალხი არ იყვნენ მაშინ ხელისუფლებაში. ახალი ფენაა. კათოლიკურმა ეკლესიამ ინკვიზიცია ჩაატარა 200 წლიანი იმისთანა, რომ ადამიანებს კოცონზე წვავდნენ და ოთახებში კედლებს უშენებდნენ ადამიანებს და ისე ხოცავდნენ. მერე გაიწმინდა ეკლესია და ახალი პაპები და ახალი სახეები მოვიდნენ. პაპებიდან შორს არიან, მაგარმ… შეიცვალა ფენა და ის ფენა ჩემთვის ისევ და ისევ მიუღებელია და რასაც ვამბობდი, დღესაც იგივეს ვფიქრობ, მაგრამ დღეს ძველის გახსენების დრო არ რის, დღეს უნდა მოვაშთოთ გველეშაპი და მოვაცილოთ ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად