ინდონეზიაში ახალი კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა

ინდონეზიაში, COVID-19 ტიპის ახალი კორონავირუსის პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებულია 64 წლის ქალბატონი და მისი 31 წლის შვილი. მათ კონტაქტი ჰქონდათ იაპონიის მოქალაქეებთან, რომლებსაც მანამდე ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი ინდონეზიის მონახულების შემდეგ კი მალაიზიაში იმყოფებოდნენ.

მას მერე, რაც იაპონელის ინფიცირების შესახებ გახდა ცნობილი, ინდონეზიის ხელისუფლებამ დაიწყო იმის დადგენა, თუ ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი მაშინ, როდესაც ინდონეზიაში იმყოფებოდა.

„ჩვენ შევამოწმეთ ორი ადამიანი და დღეს დილით ჯანდაცვის მინისტრისგან მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ ახალი კორონავირუსის ტესტზე დადებითი შედეგი აჩვენეს“, – აცხადებს ვიდოდო.

ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გაამზადა 100-ზე მეტი საავადმყოფო, სადაც იზოლირებული განყოფილებებია და აგრეთვე საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 89 072 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 3 048-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 5 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 6 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 34 – იტალიაში, 26 – სამხრეთ კორეაში, 54 – ირანში, 2 – აშშ-ში, 1 – ავსტრალიაში, 1 – ტაილანდში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 45 074 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად