ინაშვილი: პროვოკაცია რომ გვქონოდა ჩაფიქრებული, მთლიანად ჩავკეტავდით ტერიტორიას ფილარმონიასთან ბელინსკის ჩათვლით

„პატრიოტთა ალიანსი“ წევრი ირმა ინაშვილი სასტუმრო „რუმს“-ში მომხდარ ინციდენტს კიდევ ერთხელ, დღევანდელ ბრიფინგზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე არ მიჭრილა.

მისივე განმარტებით, “რუმს”-ში „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადებების გამო მივიდა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ეხებოდა.

„კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ სასტუმრო „რუმსში“ კონფერენციაზე, მე არ შევჭრილვარ, მივედი მარტო, შესვენებისას, რომ ხელი არავისთვის შემეშალა და გავსაუბრებოდი აქციის ორგანიზატორებს. საკონფერენციო დარბაზში შესვლისთანავე, ამ კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ნინო ევგენიძეს, რომელსაც მრავალი წელია კარგად ვიცნობ.

ჩვენ ერთმანეთი გადავკოცნეთ, მოვიკითხეთ, და მე ქალბატონ ნინოს ვკითხე, ვინ არის ორგანიზატორი და შემიძლია თუ არა დასწრება ამ კონფერენციაზე, ვინაიდან წინა დღის ბატონი ბოკერიას მოხსენება, მთლიანად დაეთმო საქართველოს პატრიოტთა ალიანსს- ჩვენზე ცილისწამებას, ტყუილის ტირაჟირებას. ეს ფაქტი რომ არ ყოფილიყო, მე საერთოდ არ მივიდოდი იმ კონფერენციაზე. მეტსაც გეტყვით, როდესაც ცალმხრივად შენზე საუბრობენ საერთაშორისო დონის კონფერენციაზე, ამ კონფერენციის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, შენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის და პარტიის წარმომადგენელი, მიგიწვიონ და მოგცენ საშუალება, მოხსენება გააკეთო. ასეთი შემოთავაზება ორგანიზატორების მხრიდან არ ყოფილა, შესაბამისად, მე მარტო მივედი სასტუმრო რუმსში, სამწუხაროდ სხვადასხვა ინტერეპრეტაცია ვრცელდება მედიაში, წავიკითხე ისიც, თითქოს „პატრიოტთა ალიანსი“ მიიჭრა, პატრიოტთა ალიანსი, არსად, არავისთან არ შევარდნილა, მე ირმა ინაშივლი მივედი, როგორც პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავმჯდმარის მოადგილე ამ კონფერენციაზე და არა პატრიოტთა ალიანსი თავისი მრავალათასიანი მხარდამჭერით. ჩვენ რომ პროვოკაციის მოწყობა გვქონოდა ჩაფიქრებული, მთლიანად გადავკეტავდით ფილარმონიიდან ბელინსკის ჩათვლით მთელ ტერიტორიას, და მრავალი ათასი ჩვენი მხარდამჭერი გვეყოლებოდა მობილიზებული იმ ტერიტორიაზე. მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...