ინაშვილი: ნდობის ჯგუფის ყველა წევრმა, თუ კანდიდატმა სუს-ის მონაწილეობით გაიაროს ტესტირება

პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი ნდობის ჯუფთან დაკავშირებით სოციალური ქსელით მმართველ გუნდს მიმარავს. 

"ნდობის ჯგუფში "საქართველოს პატრიოტებმა" ჩემი კანდიდატურა ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში წარადგინეს. მაშინ ნაციონალური მოძრაობა ერთ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენდა და არ იყო გაყოფილი ორ ფრთად. ნაციონალური მოძრაობის 27- მა დეპუტატმა ნდობის ჯგუფში მხარი დაუჭირა მათ კანდიდატურას.

ღიად დარჩა "საქართველოს პატრიოტების" კვოტა. ახლა კი, ვარკვევთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ძველმა ფრთამ, თურმე, მის (უკვე ახალ) კანდიდატურას კიდევ ერთხელ უნდა დაუჭიროს მხარი და წარადგინოს ნდობის ჯგუფში. ეს კი, თურმე, ირმა ინაშვილის კანდიდატურას უშლის ხელს, ვინაიდან ხმები 6-6-ზე ნაწილდება. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტში სულ სამი საარჩევნო სუბიექტია.

ჩვენ, როგორც საპარლამენტო პარტიას, გვეკუთვნის წევრის ადგილი ნდობის ჯგუფში. ამისათვის არც კენჭისყრაა საჭირო და არც სხვა პროცედურები. საკმარისია, რომ ვაცნობეთ პარლამენტს, რომ გვყავს კანდიდატურა და წარვადგინეთ ის. სხვა დეტალებზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ერთი რამ ცხადია, "ქართული ოცნება" ცდილობს გამოიგონოს ახალი ველოსიპედი იმისათვის, რათა მე არ მოვხვდე ნდობის ჯგუფში და ამით ასიამოვნებენ მათ "სტრატეგიულ პარტიორს"- გიგა ბოკერიას. მგონი, ზუსტად ეს განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა:

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ნაციონალური მოძრაობაა და არა "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიო". ახლა "ქართული ოცნების" საყურადღებოდ ვწერ.

ვიდრე ნდობის ჯგუფში წარმადგენდნენ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანდიდატურა სუს-მა უნდა შეისწავლოს. დიდი მადლობა სუს-ს ამ ძალისხმევისათვის. მეტიც, სრულიად ახალი წინადადებით გამოვდივართ. ნდობის ჯგუფის ყველა წევრმა თუ კანდიდატმა სწორედ სუს-ის მონაწილეობით გაიაროს ტესტირება ე.წ. სიცრუის დეტექტორზე, რათა ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, ვინ რომელი ქვეყნის სპეცსამსახურის აგენტი თუ მეგობარია. მზად ვარ, პირველმა გავიარო ეს ტესტი. მომავალი კვირიდან ბრიფინგების ციკლი მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო პროცესების შეფასების თემაზე. ნდობის ჯგუფის თემა ერთ-ერთი იქნება", – წერს ინაშვილი facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...