ინაშვილი მდინარაძეს და ვოლსკის: მშიშრები და კურდღლები ხართ, აქეთ ხართ დასაცავები

ასე მიმართა ბრიფინგზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის.

ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე სასტუმრო „რუმსში“ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატების განცხადებები შეაფასა.

“პირდაპირ მინდა გამოვეხმაურო კოლეგებს უმრავლესობიდან, მამუკა მდინარაძისგან და გია ვოლსკისგან მოვისმინე სრულიად სამარცხვინო კომენტარები. მათ იმის უნარიც არ შესწევთ, რომ ამ ვითარებაში ჩემი სახით დაიცვან მათი კოლეგა. თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

“ამერიკის მოქალაქეს, დიპლომატს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, ასევე მედიის წარმომადგენლები, მთელი ქვეყანა. მარტო ხალხია ამ შემთხვევაში ჩემი მოკავშირე და თანამოაზრე. არავინ გრძნობს თურმე თავს შეურაცხყოფილად. ბატონი კრამერი გვარად რომ კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ამ ქვეყანაში.

ე.ი. ამერიკელი დიპლომატისთვის შეიძლება, რომ ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ეს არ ეკადრება და არ აქვს უფლება არც რუსს, არც ამერიკელს და არც არავის დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამის ხაზგასმა, ჩვენება არავის გსურდათ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული მედიის რაღაც ნაწილში ბოკერია-სააკაშვილების მხარდამჭერებს ვხედავ.”,-განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „Now What?”, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ორგანიზებით მეორე დღეა მიმდინარეობდა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, მამუკა მდინარაძემ ჟურანლისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა “არ მომეწონა ინაშვილის გამოხატვის ფორმა და არც ის, როგორი იყო დამოკიდებულება ქალის და დეპუტატის მიმართ”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ კი განაცხადა რომ დევიდ კრამერს შეეძლო, გუშინ უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო.

“ვფიქრობ, კრამერის მიმართ გამოთქმული შენიშვნები სწორია, რომ მან მოთმინება დაკარგა. სათუო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი კომპეტენცია. რატომღაც ამერიკელ დიპლომატად მოიხსენიებენ, რაც ტყუილია. ეს არ არის ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, ამერიკა საქართველოს მიმართ თავშეკავებული და კორექტულია, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც შესაძლოა, მის პოლიტიკურ პოზიციებს არ პასუხობს. საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე ამ ინციდენტს არ უმოქმედია”-განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად