ინაშვილი: გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს და ეს სამართლიანობის პრინციპი დაცული უნდა იყოს

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ინაშვილმა პრემიერის სიტყვით გამოსვლაც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ორივე მხარეს უნდა ელაპარაკებოდეს და ცალმხრივად ბოდიშს არ უნდა იხდიდეს შს მინისტრი.

"პრემიერის განცხადება ძალიან ზოგადი, გამაოგნებელი იყო. ერთის მხრივ მან პირობა მოგვცა, რომ თურმე გამოხატვის თავისუფლება დაცული იქნება. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ვნახეთ, რომ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმა დაიწყო შემოსვლა, ანუ დაიწყეს მზადება კონტრაქციის მონაწილეების წინაღმდეგობის გაწევისთვის. 

გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაში და ეს სამართლიანობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. 

თუ გამოხატვის თავისუფლება ერთი აქციის მომაწილეს აქვს, მეორე აქციის მონაწილესაც აქვს. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მიმართ გამოიყენო ძალა. ამიტომ ვართ აქ, რომ შესაძლო ძალის გამოყენებას წინ აღვუდგეთ.
უნდა მოხდეს ემოციების ჩაქრობა. ახლა ხელისუფლება ორივე მხარეს უნდა ელაპარაკებოდეს და ცალმხრივად ბოდიშს არ უნდა იხდიდეს შს მინისტრი, ან ისე უნდა ატარებდეს სპეცოპერაციას, რომ ბოდიში მოსახდელი არ ჰქონდეს.

როდესაც ასეთი სპეცოპერაციები ტარდება, ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, რომ არ დაზიანდნენ უდანაშაულო ადამიანები, რომლებიც კლუბში გასართობად არიან მისულები. ეს საუბრის ცალკე თემაა. ვითარების განმუხტვა როგორ უნდა მოხდეს და ყველა მხარემ უნდა იგრძნოს, რომ ის პრემიერი ყველას პრემიერია, და არა მხოლოდ პარლამენტის წინ შეკრებილი ჯგუფის.
იყი ბევრი რამ, რამაც გააღიზიანა საზოგადოება, ის ნაწილი რომელიც კონტრაქციაზე შეიკრიბა. მაგალითად, 9 აპრილის მემორიალზე ცეკვა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ეს არის ჩვენი შეურაცხყიფა, ყველასი, ვინც საქართველოში თავისუფლებისთვოს იბრძოდა და იბრძვის",-განაცხადა ინაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...