ინაშვილი: facebook-ის ადმინისტრაციიდან იმდენად პოლიტიკურად მიკერძოებული პასუხი მივიღე, რომ აქაც ჩანდა სააკაშვილ-ბოკერიას ლობისტების გავლენა

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ტროლი, ბოტი, ავატარი, ფეიკი,- პოლიტიკური ბრძოლის ეს სრულიად დაუშვებელი ინსტრუმენტი ჯერ კიდევ კარგად არც იყო ათვისებული და აპრობირებული საქართველოში, რომ პირდაპირი და მასირებული შტურმი გახსნეს ჩვენი პარტიის წინააღმდეგ. მაშინ განსაკუთებული შეტევის ქვეშ მე და დავით თარხან-მოურავი აღმოვჩნდით. ავატარების, ფეიკების, ტროლებისა და ბოტების შეტევა მიზნად ისახავდა 2016 წლის არჩევნების წინ ჩვენს მაქსიმალურ დისკრედიტაციას და ამდენად, არა მარტო მიზანმიმართულად ამახინჯებდნენ ჩვენს კომენტარებს თუ მოსაზრებებს, არამედ გვაწერდნენ იმ “იდეებს”, რაც არასდროს გვითქვამს. ამუშავდა მთელი ინდუსტრია: სოციალური ქსელი მოიცვა ჩვენს შესახებ მომზადებულმა ყალბმა “ამბებმა” და ვიდეოებმა. ათობით მემონტაჟე იყო საჭირო ჩვენი გადაცემების ნახვის, დაჩეხვის, მონტაჟისათვის, რასაც სპეციალურ ჯგუფებს პოლიტიკური და ფინანსური დამკვეთები თვეების მანძილზე ავალებდნენ, ამზადებინებდნენ და ავრცელებინებდნენ. ათობით გვერდი გაიხსნა ჩემი და დავით თარხან-მოუავის სახელით, რომელიც საერთოდ არ სარგებლობს “ფეისბუქით”. მილიონჯერ ვწერდი და ვიმეორებდი, რომ დავით თახან-მოურავს არა აქვს პერსონალური გვერდი, მაგრამ ეს ტროლები, ფეიკები და ზოგჯერ არაფეიკებიც არ წყვეტდნენ კითხვის დასმას,- ნუთუ ეს ბრძანა ბატონმა დავითმა?! ნუთუ ეს თქვენ თქვით, ქალბატონო ირმა?! ბევრჯერ მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს. მხოლოდ ერთხელ, გიორგი გახარიას მინისტობის დროს, ჩემი წერილის საფუძველზე დაბლოკეს რამდენიმე გვერდი. მანამდე წლების მანძილზე ყალბი გვერდები აბნევდა საზოგადოებას და სახელმწიფო არ რეაგირებდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ წლების მანძილზე მუქარის ასობით გზავნილს ვიღებდი, აღვირახსნილ შეურაცხყოფას ვინ მოთვლის, ეს, თურმე, უნდა მოითმინო, რატომ,- გაუგებარია. გავიხსენებ იმასაც, რომ 2016 წლიდან პარლამეტში შესვლისთანავე საჯაროდ ბევრჯერ მივმართე ხელისუფლებას, რომ შეგვეცვალა კიბერდანაშაულის შესახებ კანონმდებლობა (იხილეთ ეს გამოსვლები ინტერნეტში), რომ შეგვექმნა სპეციალური კიბერპოლიცია, მაგრამ აქაც ყრუ კედლებს დავეჯახეთ. სამწუხაროდ, “ქართული ოცნებას” მხოლოდ საკუთარი აზრები და იდეები მოწონს და ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ ან საზოგადოების ან ოპოზიციის მხრიდან მიწოდებული აზრები გაეზიარებინოს. ასე გავიდა კიდევ 3 წელი.

ცხადია, მაინტერესებდა, ვინ აკეთებდა ამას, ანუ ვინ გვებრძოდა ასეთი უთანასწორო ხერხებით სოციალურ ქსელში. რაც შეეხება მუქარის ნაწილს, აქ “ქართული ოცნება” ნამდვილად არაფერ შუაში იყო და არავინ “ქართული ოცნებიდან” მე არასდროს არ დამმუქრებია, მუქარის ნაწილში სააკაშვილ-ბოკერიას ტროლ-ბოტები და რეალური პერსონები აქტიურობდნენ. პიარ-შეტევის ნაწილში კი, “ქართული ოცნების” გვერდები ისევე გვებრძოდნენ, როგორც სააკაშვილ-ბოკერიას ავატარ- ფეიკები. ასე რომ, ტროლებს “ქართული ოცნებაც” იყენებდა და აქტიურად იყენებენ სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფები. კიდევ სხვა, გაცილებით წვრილი ჯგუფებიც აქტიურობენ, რომლებიც ამინდს ვერც ქმნიან სოციალურ ქსელში და მითუმეტეს, გარეთ- რეალურ პოლიტიკაში. საერთოდ, ტროლების ინდუსტრიას ფლობს ის, ვისაც არ აბრკოლებს ზნეობრივი ბარიერი, აქვს ფინანსური გავლენები და პოლიტიკური მიზნები.

ახლა, რაც შეეხება “ფეისბუქის” ადმინისტრაციასთან ურთიერთობის თემას. ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი სახელით იმდენი ყალბი გვერდი იყო შექმნილი, რომ 2016 წლის შემდეგ, უკვე როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რამდენჯერმე პარლამენტიდან მივწერე წერილი “ფეისბუქის” ადმინისტრაციას, რომ დაებლოკათ ეს გვერდები, მაგრამ ამაოდ. საპასუხო წერილები იმდენად არაადეკვატური და პოლიტიკურად მიკერძოებული იყო, რომ აქაც ჩანდა სააკაშვილ-ბოკერიას ლობისტების გავლენის კვალი.

ბოლო დღეებში ტროლებისა და ბოტების თემა კვლავ გააქტიურდა. მორიგჯერ მივმართავ ხელისუფლებას,- 2020 წლის არჩევნებამდე შესაცვლელია კანონმდებლობა კიბერუსაფთხოების მიმართულებით” – წერს ირმა ინაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად