იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ქუთაისის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ქუთაისის 2021 წლის საერთაშორისო ფორუმის თემაა „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე”.

ვიდეოკონფერენციისას მონაწილეებმა ისაუბრეს ქალაქების შესაძლებლობებზე პანდემიის დროს და მის შემდეგ, ქალაქების კარგ პრაქტიკაზე COVID-19 პანდემიის გამოწვევების გადასაჭრელად, ასევე ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე ქალაქის განვითარებისთვის.

„ეს ფორუმი არის კარგი საშუალება ვიმსჯელოთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამ შემთხვევაში ქუთაისის შესაძლებლობები და მისი გამოწვევები პანდემიის ფონზე. ყველასთვის ცნობილია პანდემიამ, როგორ დააზარალა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამასთანავე დააზარალა ჩვენი ქალაქებიც. ჩვენს წინაშე არის ასევე, მნივნელოვანი გამოწვევა, ბიზნესის დახმარების და ხელშეწყობის კუთხით. ეს სექტორი მყარად უნდა დადგეს ფეხზე და პროექტები, რომლებიც ხორციელდებოდა და უნდა განხორციელებულიყო პანდემიამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ არ გავჩერებულიყავით და არ შეჩერებულიყო სხვადასხვა პროექტი თუ პროგრამა, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო რაც პანდემიამ გამოიწვია, გარკვეული შეფერხებები მაინც იყო. სწორედ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ და დავგეგმოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხები კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად, რომელთა აზრი და გამოცდილების გაზიარება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია“, – ზვიად შალამბერიძე.

ფორუმი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა და მას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის (NALAG), ქუთაისის პარტნიორი ქალაქები და რეგიონების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ და USAID პროგრამასთან „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (GGI)“ ერთად.

კომენტარები
იტვირთება...