იმერეთის გუბერნატორმა ჟურნალისტებს სამტრედიისა და ქუთაისის ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა ადგილზე გააცნო

იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორთან ერთად ჟურნალისტებს სამტრედიასა და ქუთაისში არსებული ნაგავსაყრელები აჩვენა. ადგილზე მედიის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ იქ არსებულ მდგომარეობას.

ნაგავსაყრელების მდგომარეობის გაცნობის შემდეგ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა პრეზენტაცია ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის შესახებ, რომელიც ქუთაისთან უნდა აშენდეს.

„თქვენ საკუთარი თვალით დაინახეთ რა მდგომარეობა არის სამტრედიისა და  ნიკეას ნაგავსაყრელზე და როგორ ბინძურდება გარემო მრავალი წლის მანძილზე. ხდებოდა  ნარჩენების დაწვა და მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა ფანჯრებს სუნის გამო დღესაც  ვერ აღებს. ხედავთ, რომ ამ ტერიტორიებზე ისევ საშინელი მდგომარეობა არის. დამეთანხმებით, რომ ასეთ ნაგავსაყრელებს სჯობია ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობა, რომელიც იქნება ძალიან მაღალი გარემოსდაცვითი  და ჯანდაცვის სტანდარტების და ის დისკომფორტი რასაც ახლა განიცდის სამტრედიისა და ნიკიის მოსახლეობა არ იარსებებს. პროექტი რომლის თანახმადაც რეგიონული ნაგავსაყრელი უნდა აშენდეს ევროსტანდარტების შესაბამისია. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700 000-მდე მოქალაქეს მოემსახურება”, – განაცხადა გუბერნატორმა.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება.  მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. პროექტი ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის  გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას.
პროექტი  ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ევროა.

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური.
ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაში მნიშვნელოვანი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტებს, კერძო კომპანიებსა და მოსახლეობას. მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობაა ნარჩენების შეგროვების, სეპარირებისა და რეციკლირების განვითარების ხელშეწყობა.

2019 წლიდან მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ ვალდებულება შემოიღონ ნარჩენების ეფექტური სეპარირების სისტემა, რომელიც 2025 წლისთვის სრულად უნდა დაინერგოს. ახალი სისტემის გამართულად მუშაობისთვის,  ასევე, მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება მოსახლეობის მიერ ნარჩენების სწორად სეპარირება და განთავსება,  კომპანიები და კერძო სექტორი კი ვალდებულნი იქნებიან წარმოებული პროდუქციის შეგროვებისა და რეციკლირების გარემოსთვის უსაფრთხო გზები გამონახონ. სისტემა სახელწოდებით „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება“ საქართველოში მომავალი 2 წლის განმავლობაში დაინერგება.

ამ კუთხით ქვეყნის მასშტაბით 2023 წლისთვის, არსებულ, ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს, 8 ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი  ჩაანაცვლებს. ამ პროექტების განხორციელებით გაუმჯობესდება რეგიონების საცხოვრებელი პირობები. ნარჩენების მართვის კოდექსის და  ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემა იქნება ეკოლოგიურად სუფთა და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად