იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც „დელტა“ შტამია გავრცელებული, ერთ კვირაში 8-ით გაიზარდა

20-27 ივლისის პერიოდში COVID-19-ის B.1.617.2 შტამი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში გამოვლინდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კლასიფიკაციით “დელტა” ეწოდა, სულ მცირე, 132 ქვეყანაში და ტერიტორიაზეა დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული.

”132 ქვეყანამ და ტერიტორიამ, მათ შორის რვა ახალმა, “დელტა” ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს”, – აღნიშნული დოკუმენტში.

ამასთან, იზრდება დანარჩენი შტამების გავრცელების მაჩვენებელიც. 27 ივლისის მონაცემებით, “ალფა” შტამი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, 182 ქვეყანაში ვრცელდება. ვარიანტი “ბეტა” (სამხრეთ აფრიკიდან) 131 ქვეყანაში ცირკულირებს. ბრაზილიური “გამა” კი 81 ქვეყანაში გავრცელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, გასულ კვირაში ინფიცირების მაჩვენებელი 8 პროცენტით გაიზარდა. კორონავირუსით ინფიცირების 3,8 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვალების მაჩვენებელი 21 პროცენტით გაიზარდა. COVID-19-ს ერთ კვირაში 69 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები
იტვირთება...