“ილუზიებში ნუ ვიქნებით, რომ გახსნის შემდეგ ყველაფერი თავისუფლად აღდგება” – ინტერვიუ ლადო პაპავასთან

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან მოიხსნება, მეორე ნაწილი კი 15 თებერვლიდან. ამის მიუხედავად გარკვეული შეზღუდვები ისევ რჩება და ჯერ უცნობია რა გეგმა აქვს მთავრობას.

ფაქტია, შემსუბუქების ახალი ეტაპის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მტკივნეული პრობლემა მოგვარდება და იხსნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე იხსნება სკოლებიც და რესტორნების ღია სივრცეში, თუმცა ეს არ ეხება შაბათ-კვირას. მთავრობაში ამას მობილობით ხსნიან.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში ეკონომისტი, პროფესორი ლადო პაპავა საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ  ეს  რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი მყისიერად განვითარდება და თუ სიტუაცია გართულდა, შესაძლოა ყველაფერი კვლავ დაიხუროს.

_ მთავრობის გადაწყვეტილებით იხსნება შეზღუდვები. თქვენ როგორც ეკონომისტი როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას და იძლევა თუ არა ეს იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესი გადარჩეს, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია?

_ მოდით, ილუზიით ნუ ვიქნებით შეპყრობილი, რომ ყველაფერი თავისუფლად აღდგება. ასე შეუძლებელია, რადგანაც გლობალურად არ დასრულებულა პანდემია. კორონავირუსი ისევ საშიშია და ისევ გადამდებია, მაგრამ რადგანაც მთავრობამ მოახერხა კონტროლის დამყარება ვირუსის გავრცელებაზე, ამიტომ ეტაპობრივად მოხდება ეკონომიკური საქმიანობის გახსნა. ეს სავსებით სწორია.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბიზნესი მყისიერად განვითარდება? – რა თქმა უნდა, არა. კიდევ ერთი რამე – თუ სიტუაცია გართულდა, არ არის გამორიცხული, რომ კვლავ დაიხუროს ყველაფერი, თუნდაც გახსნილი კომპანიები, რომელიც ახლა შეძლებენ საქმიანობის დაწყებას. პანდემია და მისით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა, ეს არის გლობალური პრობლემა მთელ მსოფლიოსათვის.

_ ანუ, იმაზე საუბრობთ, რომ მეტწილად ბიზნესისა და მომხმარებლის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული?

_ დიახ. მივაქციოთ ყურადღება – ქუჩაში ადამიანები დადიან, რამდენს უკეთია პირბადე? მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ინფორმაციაა იმაზე, რომ რამდენიმე ათეულს, ზოგჯერ ასეულსაც კი აჯარიმებენ პირბადის არქონის გამო, ან ჩამოწეული აქვთ და ნიკაპზე უკეთიათ. ასე, რომ ადამიანების თვითშეგნებაზეა ბევრი რამე დამოკიდებული.

მე პირადად ბიზნესის გახსნაზე უფრო მნიშვნელოვნად სასწავლო დაწესებულებების გახსნა მიმაჩნია. რადგანაც ბავშვების თვითიზოლაციაში ყოფნა ძალიან ცუდად აისახება მათ ფსიქოლოგიაზე და აუცილებელია, რომ მათ ჰქონდეთ სოციალიზაციის შესაძლებლობა. ეს კი მიიღწევა მხოლოდ სკოლების გახსნით.

_ თუმცა, ეს დამატებითი რისკი ხომ არ არის?

_ რა თქმა უნდა არის, მაგრამ როგორც იტყვიან, ეს რისკი უფრო გამართლებულია და ამას უფრო მივესალმები, ვიდრე მოთხოვნას რესტორნების გახსნის თაობაზე. თუმცა, არც მათი საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემია დასრულებული არ არის.

რა თქმა უნდა, რომ ყველაზე საშიში საზოგადოებრივი ტრანსპორტია, რადგანაც აქ უცხო ადამიანებს უხდებათ გარკვეული დროის განმავლობაში ერთად ყოფნა და სოციალური დისტანციის დაცვა ავტობუსებსა და მეტროში ძალიან რთული განსახორციელებელი იქნება.

_ ამავე დროს ისიც ფაქტია, რომ ყველაზე რთული პრობლემა ტრანსპორტის დახურვაა მოქალაქეებისთვის.

_ რა თქმა უნდა. მაგრამ, ყველაზე რთული პრობლემა ეს არ არის. ყველაზე რთული პრობლემა ის არის, რომ ადამიანები იღუპებიან. ჩვენ გვავიწყდება, რა არის მთავარი – მთავარი ის კი არ არის, რომ ტრანსპორტი არ დადის და ბიზნესი გაჩერებულია. რა თქმა უნდა, ყველაფერი პრობლემურია, მაგრამ ტრაგიკულია, როდესაც ადამიანები იღუპებიან. რთულია ის, რომ ადამიანებს მძიმე ფორმებით აქვთ გადატანილი ეს დაავადება. აი რა არის მთავარი და რთული სინამდვილეში.

_ ახსენეთ საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა და თვლით, რომ აუცილებელია უმაღლესი სასწავლებლების გახსნაც?

_ იცით რა? ასე არ არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ პანდემია დამთავრებული არ არის და როგორ უნდა ვიყო ახლა მე პანდემიის არდასრულების პირობებში რაღაცის ბრმად მომხრე?! ასე არ შეიძლება და ნუ გვავიწყდება რეალობა, რომ მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია! ასე, რომ ასე მარტივი არ არის.

თუ იქნება შესაძლებლობა და მეტ-ნაკლებად წარმატებით გაიხსნება ის სფეროები, რომლის გახსნაც ახლა გადაწყვეტილია, მერე დღის წესრიგში დადგება უმაღლესი სასწავლებლების გახსნაც. რა თქმა უნდა, როდესაც პანდემია დასრულდება, ყველა ამოვისუნთქავთ და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

_ თქვენ ხართ უნივერსიტეტის პროფესორი და მეტი გეცოდინებათ, პანდემიამ და ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ რა გავლენა იქონია განათლების ხარისხზე?

_ რა თქმა უნდა უმჯობესია, როდესაც ლექციას აუდიტორიაში ატარებ და იქ გაქვს სტუდენტებთან შეხვედრა. ეს შეუდარებლად უკეთესია, მაგრამ როდესაც ამის შესაძლებლობა არ არის, მაშინ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ რეჟიმი. სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
კომენტარები
იტვირთება...