ილიაII: არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანში ეძებენ ნაკლს, სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ და გამოსწორება დაიწყონ

არიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანში ეძებენ ნაკლს, სინამდვილეში, თავის თავში უნდა ნახონ და გამოსწორება დაიწყონ. ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების საკათადრო ტაძარში პეტრე-პავლობის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

“გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. პეტრე და პავლე მოციქულები არიან მფარველნი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიისა. არ მოგაკლოთ ღმერთმა წყალობა და კურთხევა წმინდათა მოციქულთა. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ პირველი ეკლესია სვეტიცხოველში 12 მოციქულის სახელზე აშენდა. მსოფლიოს საპატრიარქოშიც ასევე პირველი ეკლესია აშენდა 12 მოციქულის.

ყოველი ადამიანი მოდის ამ ქვეყანად გარკვეული მისიით, დავალებით. პეტრე და პავლე მოვიდნნენ, რათა იყვნენ სვეტნი ეკლესიისა, მოძღვარნი სოფლისა და სულთა ჩვენთა წყალობის მომნიჭებელნი. ძალიან მძიმე იყო მათი მოღვაწეობა, იმდენად მძიმე რომ პეტრე შეშინდა და უარყო ქრისტე. ხალხური გადმოცემა არის, რომ პავლე მოცუქული ასევე დიდი მქადაგებელი და დიდი მოღვაწე იყო. მოციქულებმა გადაწყვიტეს, რომ მათი დღესასწაული ერთად იყოს.

ყოველი ადამიანი გარკვეული მისიით მოდის ამ ქვეყნად. მაქვს წაკითხული ერთი ისტორია ოჯახის, მეუღლე ეხვეწება ქმარს, რომ მინდა უფრო ახლოს ვიყო შენთან, მინდა შენი ერგული ვიყო და დამიწერე რა ნაკლი მახლავს, რა ნაკლი მაქვს.

მთელი ღამე ქმარი ფიქრობდა, რა დავწეროო და მთელი ღამე ვერ დაეძინა. დილას ეუბნება, ვერაფერი გამოვნახე შენში ნაკლი, მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარო. მინდა გირჩიოთ, ყველას გიყვარდეთ ერთმანეთი, ოჯახი, მეუღლე, შვილები. ეს დიდი მადლი და ძალაა. არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ ნაკლს სხვა ადამიანში. სინამდვილეში თავის თავში უნდა ნახონ ნაკლი და თავისი თავიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა გამოსწორება”,- ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად