ილია მეორე: საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს უმასპინძლა. შეხვედრაზე პატრიარქმა განაცხადა, რომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე ქართველი ხალხისთვის დიდი ზეიმია.

"მოგიწვიეთ იმისთვის, რომ ვიზეიმოთ ის მოვლენა, რაც გუშინ მოხდა. ევროკომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი ევროპისკენ.

ეს არის დიდი მიღწევა, დიდი ზეიმი მთელი ქართველი ხალხისთვის და მათ შორის, საქართველოს ეკლესიისთვის. დიდი ხანია საქართველოს ჰქონდა და აქვს სურვილი, იყოს ევროპის სტრუქტურების წევრი და ამაში მიღწეულია დიდი შედეგები.

ჩვენ გვაქვს მჭიდრო კავშირი სხვადასხვა ქვეყანასთან, ეკლესიასთან, ვატიკანთან. მივიღე მისი უწმინდესობა იოანე პავლე II აქ, ამ დარბაზში. ასევე ვიყავი რომის პაპის სტუმარი. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს პროტესტანტულ ეკლესიებთან. მქონდა შეხვედრა ინგლისის დედოფალთანაც. ასე რომ, ჩვენთვის ეს ურთიერთობები ახალი არ არის.

მინდა ვთქვა, რომ გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვფიქრობთ არამხოლოდ იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, არამედ რას მოვუტანთ ევროპას ჩვენ. უნდა ითქვას, რომ საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. მეოთხე საუკუნეში ქრისტიანობა უკვე იყო საქართველოს სახელმწიფო რელიგია, მეოთხე საუკუნეში იქნებოდა სახარება. ეს ყველაფერი კი უნდა იყოს შენარჩუნებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპა არამარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კუტურას. ამის იმედით ჩვენი ხალხი ზეიმობს. მინდა განსაკუთრებული მადლობა მოგახსენოთ თქვენ, ვინც დიდი წვლილი შეიტანეთ ამ ყველაფრის განხორციელებაში", – განაცხადა პატრიარქმა.

 

ავტორი: მარიამ ვაჩნაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...