ილია ჯიშკარიანი: თამთა თოდაძეს ხელით არ შევხებივარ… თუ სახელი გამიფუჭდა ზიანი პარტიასაც მიადგება… სიღრმეში ვერ შევალ, დაუმთავრებელი იქნება…

“რა თქმა უნდა ინტერესი დიდია და სიღრმეში გინდათ შემიყვანოთ, მაგრამ ეს გამოვა ისე, რომელიც დაუმთავრებელი იქნება”, – ასე პასუხობს გადაცემა “პირველების” წამყვანის ვახო სანაიას კითხვას თბილისის საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც ჟურნალისტმა უთხრა, რომ ამბავს დეტალურად აღწერს თამთა თოდაძე და მოყვეს თავად დეპუტატიც რა მოხდა მის ოფისში.

“ძირითად მონახაზს მოგახსენებთ რაც მოხდა. მე წინ მელოდება სასამართლო. ძალიან მალე იქნება სასამართლო პროცესები და გაირკვევა ყველაფერი. მართალს და მტყუანს ხომ სასამართლო არკვევს?! მე გეუბნებით შეთხზულია ეს ყველაფერი და მიმართულია დისკრედიტაციისკენ. მე თუ სახელი გამიფუჭდება ამით ზიანი მიადგება პოლიტიკურ პარტიასაც. მე 54 წელი ვემსახურე იმას, რომ ვინმეს საყვედური არ ეთქვა. მე ისეთი ბრალდების წინაშე ვარ, რომ ეს ჩემთვის საშინელებაა. ექიმების დახმარებით მოვძლიერდები და ამას გავუმკლავდები”, – აღნიშნა ჯიშკარიანმა.

შემდეგ კი დიალოგი რესპონდენტსა და ტელეწამყვანებს შორის კითხა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, თუმცდა დეპუტატმა დეტალიზაციისგან თავი შეიკავა:

ვახო სანაია: რა გიშლით ხელს, რომ ამ სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც უთხრას საზოგადოებას, მაშინ როდესაც ახალგაზრდა ქალი მედიის წინაშე წარსდგა დაზიანებებით?

ილია ჯიშკარიანი: ძალიან გაბრაზებული ვარ ამ ახალგაზრდა გოგონაზე. ახალგაზრდების რეკომენდაციით მოხვდა ჩემთან. 2017 წელს გავიცანი, 3 წელიწადია ჩემთან მუშაობს. მას გაუჩნდა ამბიცია კარიერული წინსვლის, რომელშიც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი და რეკომენდაციებიც არსებობს. ეს გაახსენდა ცოტა სხვა მდგომარეობაში და ძალიან დიდი ზიანი მომაყენა.

ვახო სანაია: რატომ აქვს ამ ქალს დაზიანებები, შეგიძლიათ გვითხრათ?

ილია ჯიშკარიანი: მე ვერ გეტყვით მაგას.

ვახო სანაია: თქვენს ოფისში არ მიუღია მას დაზიანებები? ტექნიკა როგორ დაილეწა თქვენს ოფისში ამის შესახებ გვითხარით.

ილია ჯიშკარიანი: მე ვნახე პროკურორისთვის მიცემული ჩვენებები და მას აქვს მიცემული ჩვენებები, რომ მან გადმოაგდო და დაამტვრია.

ვახო სანაია: თქვენ იქ არ იყავით?

ილია ჯიშკარიანი: რა თქმა უნდა იქ ვიყავი.

ვახო სანაია: მოგვიყევით რა მოხდა? როდესაც ამბობთ, რომ მართალი ხართ, რა გიშლით ხელს, რომ ისაუბროთ?

ილია ჯიშკარიანი: მე გეტყვით…

ამ დროს საუბარში სტუდიაში მყოფი მისი ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ჩაერთო და კითხვების გამო პროტესტი გამოთქვა, რომელსაც პასუხი გადაცემის თანაწამყვანმა გასცა.

ნინო ჟიჟილაშვილი: მარიამ დაწვრილმანება რას ჰქვია?

ილია ჯიშკარიანი: ჩემი პოზიციიდან გამომდინარე იმ ახალგაზრდებისაც მერიდება და მრცხვენია, ვინც მას რეკომენდაცია გაუწია და ა. შ. მაგრამ, ალბათ თვითონ გამოვლენ და ყველაფერს იტყვიან.

ნინო ჟიჟილაშვილი: თქვენ მას ფიზიკურად შეეხეთ? შეგიძლიათ ეს დეტალი გვითხრათ?

ილია ჯიშკარიანი: მე მას ხელით არ შევხებივარ.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის,  ილია ჯიშკარიანს ბრალი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე „ნიუ ჰოსპიტალში“ წარედგინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად