ილია II – “თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს, ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დალოცა და ახალი 2015 წელი მიულოცა.

„ღვთივკურთხეულნო ჩვენო სულიერო შვილებო, საქართველოში მცხოვრებო სხვადასხვა ერებისა და რელიგიების წარმომადგენელნო, უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო თანამემამულენო, დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობას და ახალ წელს!

ყოველ წელს ჩვენ ველოდებით სიახლეს. ვთხოვთ უფალს ბედნიერებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ნება დაემორჩილება ღვთის ნებას. თუ ჩვენ გავაკეთებთ სიკეთეს, ეს სიკეთე ათმაგად დაგვიბრუნდება ჩვენ. ცხოვრების გზაზე ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს განსაცდელი. ნუ შეგეშინდებათ ამისი. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო იქნება ბედნიერი.

დღეს, როდესაც ადამიანი დგას მრავალი პრობლემების წინაშე, უნდა გააძლიეროს ლოცვა. ჩვენ მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული. უნდა გავაძლიეროთ ლოცვა ღვთისადმი, მაცხოვრისადმი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი. ღვთის წყალობით ჩვენ დაგვიბრუნდება აფხაზეთი და სამაჩაბლო. საქართველო იქნება მთლიანი და გახარებული.

 ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ამინ!", _ ბრძანა პატრიარქმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...