ილია II: ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა-ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს არის ბედნიერი დღე, ტაძრად მიყვანება ღვღისმშობლის. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ეს არის ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანისათვის, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. მასზე ბევრია დამოკიდებული, რას აირჩევს – კეთილ გზას აირჩევს, თუ ბოროტს.
უნდა შესდგეს სინერგია, დაახლოება ორი ძალისა, ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ადამიანისა თუ ბოროტი ძალისა. ხშირად ისმის ადმიანებისგან, დედამიწაზე ბედნიერი ვიყოო და იქ რა იქნება, არ მაინტერესებსო. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან.

მინდა, გაგახსენოთ თქვენ ერთი შემთხვევა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოხდა. მარტყოფში გვაქვს ჩვენ დედათა მომასტერი, იქ ვიმყოფებოდი და ვისვენებდი. მოფრინდა ორი მერცხალი და გარშემო უვლიდა ოთახს, სადაც მე ვიყავი. შემდეგ დაიწყეს ბუდის კეთება, ჩქარობდნენ ბუდის გაკეთებას. სად დაიწყეს ბუდის კეთება, შუაში ეკიდა ჭაღი და თქვენ იცით, ჭაღს აქვს თაღი, მერე ჯაჭვები და იმ თაღს აქვს მრგვალი რკინის საკიდი. იმ თაღში შევიდნენ, იქ აკეთებდნენ ბუდეს. ვუთხარი, მანდ რომ აკეთებთ ბუდეს, მანდ დენია, ელექტროდენია-მეთქი და შეიძლება, დაგარტყას და მოგკლას. ახლა მე ფიცარს ავიღებ, კუთხეში სადმე გაგიკეთებთ და იქ გააკეთეთ თქვენი ბუდე. სულ გაიგეს, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაფერი გაიგეს. ვიპოვე პატარა ფიცარი, კუთხეში დავარტყი ლურსმანი და ვუთხარი, ახლა გააკეთეთ-მეთქი და ესეც გაიგეს. დაიწყეს კეთება, დაანებეს თავი იმ ჭაღს და დაიწყეს ფიცარზე კეთება. მთაზე ავედით, იქ სალოცავი იყო წმინდა გიორგისი, სახლიდან არის ერთი კილომეტრი, დაღამდა და წამოვედით სახლისაკენ, ყვირილით ჩვენს წინ, სახის წინ ორი მერცხალი მოფრინდა. ვუთხარი, ჩემთან ერთად ვინც იყვნენ, რომ ეს ჩვენი მერცხლები ხომ არ არიან- მეთქი, ჩამოვედით სახლში და დედა გალინას ვკითხე, ხომ არ გინახავს-მეთქი მერცხლები, ის მპასუხობს, ცოცხით ძლივს გავყარე ოთახიდანო. რატომ გაყარე-მეთქი, ვინ დაგავალა-მეთქი, მე დარდი გამყვა, სად იქნებიან-მეთქი. მეორე დღეს მოფრინდნენ ისევ, სამი წრე გააკეთეს და დამემშვიდობნენ. ძალიან იმოქმედა ამან, აღარ მოფრენილან, მაგრამ დაგვემშვიდობნენ. ეს მეტყველებს იმაზე, როგორი კავშირია ადამიანსა და ბუნებას შორის.

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ხშირად ისმის ადამიანებისგან – მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო. ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მოწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან. ჩვენ სიყვარული უნდა გვქონდეს მათთან, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს. მითუმეტეს, ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. ადამიანში ფერისცვალება ხდება. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხარ, უხასიათოდ, მოხვედი ტაძარში და ფერისცვალება ხდება, მადლობ. სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში და ეს ენიჭება ადამიანს. უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი.
დღეს ღვთისმშობლად მიყვანების დღეა, ღმერთმა ინებოს და რომ ჩვენც შევიდეთ ზეციურ ტაძარში, მოგვცეს ღმერთმა ძალა, მადლი, რათა ღირსი გავხდეთ ტაძრად შეცვლისა, მიწიერ ტაძარშიც და ზეციურ ტაძარში, საუფეველში, ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მადლი ღვთისა იყოს თქვენთან და საქართველოსთან“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად