ილია ბეგიაშვილი: რეგიონულ პროექტებთან მიმართებაში გვაქვს ხელშესახები პროგრესი

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დღეს რეგიონების განვითარების მიზნით არსებული ფონდებითა და პროგრამებით დაფინანსებული პროექტების 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გაწეული სამუშაოს მთავარ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.

„რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 310 მილიონი ლარის 1260 პროექტი დაფინანსდა. აქედან ყველაზე დიდი წილი საგზაო ინფრასტრუქტურაზე მოდის, შემდეგია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოწესრიგება, საბავშვო ბაღების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური, კულტურის, საგანმანათლებლო, ჯანდაცვის ობიექტების რეაბილიტაცია, სანიაღვრეებისა და ნაპირსამაგრი, სკვერების, ბაღების, ხიდების მოწყობის სამუშაოები. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის 417 პროექტს მოხმარდა 23 მილიონი ლარი, ხოლო სტიქიის პრევენციის 148 პროექტი დაფინანსდა 17 მილიონი ლარით, განათლების ინფრასტრუქტურის პროგრამის ფარგლებში 40 მილიონი ლარით 640 სკოლისათვის დაფინანსდა 733 პროექტი, ხოლო მთის ფონდიდან 11.8 მილიონი ლარის 28 პროექტი განხორციელდა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 40 მილიონი ლარის 4812 პროექტი შესრულდა,“ – აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, 2020 წელს რეგიონებში 340 მილიონი ლარის 6 350-მდე პროექტი დაფინანსდება.

„2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, ტენდერი გამოცხადებულია 230 მილიონი ლარის 530 პროექტზე და მიმდინარეობს 20 მილიონი ლარის პროექტების შერჩევის პროცესი. სისტემური ცვლილებების და უკვე დაგროვილი გამოცდილების შედეგად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ტენდერები ფაქტობრივად დასრულდა, მაშინ როდესაც 2019 წელს სატენდერო პროცესი მაისამდე, ხოლო 2018 წელს ივნისამდე გაგრძელდა. ეს ხელშესახები პროგრესია, რაც სამუშაოების შესრულების ხარისხსა და საბოლოო ვადებზეც პოზიტიურად აისახება,“ – თქვა ილია ბეგიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად