NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი, დიდი სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, უკრაინის წინააღმდეგ ომის მიზნებს ვეღარ მიაღწევს.

„პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით განხორციელებული შეჭრის მიზანი იყო, არ დაეშვათ უკრაინის NATO-სა და ევროკავშირისკენ სვლა, მაგრამ შეჭრიდან თითქმის ორი წლის ომის შემდეგ, უკრაინა NATO-სთან და ევროკავშირთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე”, - თქვა სტოლტენბერგმა dpa-სთან ინტერვიუში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადა:

„პრეზიდენტმა პუტინმა სამუდამოდ დაკარგა უკრაინა. ეს არის რუსეთის უდიდესი სტრატეგიული მარცხი”.

მან რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა. კერძოდ, სტოლტენბერგის ცნობით, რუსეთმა უკვე დაკარგა ასობით თვითმფრინავი, ათასობით ტანკი, დაიღუპა და დაიჭრა 300 000 რუსი ჯარისკაცი, ომის გამო ინფლაცია გაიზარდა, ცხოვრების დონე შემცირდა და პოლიტიკურად იზოლირებულია.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა მიაღწევს თავის მიზანს და ერთ დღესაც NATO-ს წევრი გახდება.