იძულებითი გადაადგილების შესახებ კონფერენცია ჩატარდა

იძულებითი გადაადგილების შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების 20 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციაზე დევნილებთან დაკავშირებული კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ იმსჯელეს. ასევე, განიხილეს საქართველოში იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობის გაუმჯობესების გზები, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო გამოცდილებისა და მიდგომების შესახებაც ისაუბრეს.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა.

კონფერენციაში დევნილთა უფლებების საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი  სესილია ხიმენეს-დამარი მონაწილეობდა. სესილია ხიმენეს-დამარიმ მონაწილეებს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა გააცნო, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს ადგენს.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანიზებითა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...