IDFI: ბიზნესის კორუფციის რისკმა ქვეყანაში 3 ქულით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა 2 ადგილით გაუარესდა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(idfi) ინფორმაციით, 2019-2020 წლებში საქართველო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა. ყველა მათგანი მიუთითებს ქვეყანაში კორუფციის მდგომარეობის გაუარესებაზე, რის ერთ-ერთ მიზეზად მაღალი დონის კორუფცია სახელდება.

Trace International-ის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით 2019 წელს საქართველო 200 ქვეყანას შორის 27-ე ადგილზეა 26 ქულით, რომელიც ბიზნესის რისკს განსაზღვრავს. აღნიშნული მაჩვენებელი 2018 წლის იდენტურია და გაუარესებულია 2017 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა საქართველო 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილს იკავებდა 23 ქულით. ამ მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიზნესის კორუფციის რისკმა ქვეყანაში 3 ქულით მოიმატა, ხოლო საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი ადგილით გაუარესდა.

საერთაშორისო დონეზე ბიზნესში კორუფციული რისკების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ახალ ზელანდიაში გამოვლინდა და 4 ქულით შეფასდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სომალიში, სადაც ბიზნესის კორუფციული რისკი 94 ქულით იქნა შეფასებული.

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის მატრიცა კორუფციის მრავალმხრივ ბუნებას შეისწავლის ოთხი მიმართულებით, საიდანაც თითოეულს ორი ან სამი ქვე-მიმართულება აქვს:

– პირველი მიმართულება: კორუფციის შესაძლებლობის რისკი(საქართველო – 16 ქულა) – მოიაზრება ბიზნესის ურთიერთობა ხელისუფლებასთან, ხელისუფლებისთვის ქრთამის გადახდის მოლოდინი და რეგულირების ტვირთი.

– მეორე მიმართულება: კორუფციული რისკების აღკვეთა(საქართველო – 37 ქულა) – მოაზრება კორუფციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და ხელისუფლების მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის გატარება.

– მესამე მიმართულება: გამჭვირვალობა(საქართველო – 31 ქულა) – მოიაზრება ხელისუფლების მმართველობითი ფუნქციების გამჭვირვალობის ხარისხი, სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალობა და სიჯანსაღე.

– მეოთხე მიმართულება: ზედამხედველობა(31 ქულა) – მოიაზრება სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები (ადამიანური რესურსი და სხვა), რომ განახორციელოს ზედამხედველობა, სამოქალაქო ჩართულობა, მედიის ხარისხი და დამოუკიდებლობა.

საქართველომ ზემოთ განხილული ოთხი მიმართულებიდან ყველაზე დაბალი ქულა (16) კორუფციის შესაძლებლობაში აიღო, რაც ნიშნავს, რომ ამ მიმართულებაში ყველაზე დაბალი რისკი ფიქსირდება. ყველაზე მაღალი რისკი ფიქსირდება და, შესაბამისად, ოთხიდან ყველაზე მაღალი ქულით შეფასდა კორუფციული რისკების აღკვეთის მიმართულება (37 ქულა). რაც შეეხება გამჭვირვალობისა და ზედამხედველობის მიმართულებებს, ორივე მათგანი თანაბარი ქულით შეფასდა (31-31 ქულა).

Trace International-ის ბიზნესის კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით ყველაზე დაბალი კორუფციული რისკის ქვეყნებად შეფასდნენ და პირველ ათეულში მოხვდნენ ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია, შვედეთი, ფინეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, კანადა, გერმანია და ჰონგ-კონგი.

საქართველოს მეზობელ ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო ქულა ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო და საერთაშორისო რეიტინგში 34-ე ადგილზე მოხვდა, ხოლო ყველაზე მაღალი რისკი დაფიქსირდა თურქეთში, რომელმაც 123-ე ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად