IDFI: 2014 წლის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციას სახელმწიფო შესყიდვებზე ინფორმაცია აღარ გამოუქვეყნებია

თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2019 წლის მაისში შეისწავლა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა 100 საჯარო დაწესებულებაში ვებ-გვერდების დეტალური მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს.

“მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების (პარლამენტის აპარატი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებლები 39%-დან 98%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე მაღალი (98%) შედეგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის განთავსებისას გათვალისწინებულია IDFI-ს მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავებული რეკომენდაციები და უზრუნველყოფილია ზოგიერთი კატეგორიის მონაცემთა დეტალური გამოქვეყნება.

მაგალითად, შრომის ანაზღაურების და სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ჯამური მონაცემების ნაცვლად წარმოდგენილია, თითოეულ თანამდებობის პირზე ცალ-ცალკე ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით. ავტოპარკის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია შეიცავს დამატებით ისეთ დეტალებს როგორიცაა: ავტომობილის გამოშვების წელი, შესყიდვის თარიღი, საბალანსო ღირებულება, ნარჩენი ღირებულება და სახელმწიფო ნომერი. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის რიგით მეორე მაჩვენებელი (96%), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო. ეს უწყება ფინანსური ინფორმაციის გამოქვეყნებისას უმეტესწილად შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომელიც აკმაყოფილებს მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა ამასთან დადგენილების მოთხოვნების მიღმა, აქვეყნებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სტატისტიკურ მონაცემებს.

გარდა ამისა შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას აქვეყნებს როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენებზე.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა შეადგინა 91%. ეს შედეგი, მიღებულია საქართველოს პარლამენტისათვის დამტკიცებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხის მიხედვით, სადაც დამატებით, სავალდებულო გამოსაქვეყნებლად განსაზღვრულია მათ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების თვალსაზრისით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მისი მაჩვენებელი 89%-ს შეადგენს. ამასთან, მთელი რიგი პუნქტების (შრომის ანაზღაურების ხარჯები, ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება და სხვ.) შემთხვევაში ფინანსური ინფორმაცია განთავსებულია კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ამ სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შემოიფარგლება მხოლოდ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ბოლო წლებში გამოირჩეოდა საჯარო ინფორმაციის 12 მოთხოვნის შესახებ განცხადებათა საფუძველზე ინფორმაციის გაცემის განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით. შედეგად, IDFI-ს მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემა ორჯერ დასახელდა ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოში.

საქართველოს ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (39%) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო. სამწუხაროდ, ადმინისტრაციას 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ აღარ გამოუქვეყნებია. IDFI-ს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, განემარტა რომ ვებგვერდზე მიმდინარეობდა შესაბამისი განახლების სამუშაოები, წლების განმავლობაში ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების შეფერხებული პროცესის აღდგენის მიზნით.

ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (42%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (47%). გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაბალი მაჩვენებელი სავარაუდოდ უკავშირდება 2018 წელს ამ უწყებაში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლის შედეგად გაერთიანდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროები. შედეგად, შეიქმნა ახალი ვებგვერდი, სადაც მონიტორინგის პერიოდში არ იყო განთავსებული შესაბამისი ფინანსური თუ სხვა სახის ინფორმაცია.

დანარჩენი ცენტრალური საჯარო დაწესებულებების მაჩვენებლები 66%-დან 87%-მდე მერყეობს. მათ უმეტესწილად 2018 წლამდე სხვადასხვა პერიოდში შეწყვეტილი სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური მონაცემების გამოქვეყნება. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის შემდეგ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია ბალანსზე რიცხული ავტომობილების და უძრავი ქონების, საწვავის ხარჯის, ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, სატელეკომუნიკაციო ხარჯების და მიღებული გრანტების შესახებ” – ნათქამია IDFI-ის მოიტორინგის შედეგებში.

პ.ს.  IDFI აღნიშნავსმ რომ მონიტორინგი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში და ანგარიშის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის
შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...