“იბერია ბიზნეს ჯგუფი” “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

საავტომობილო ჰოლდინგი “იბერია ბიზნეს ჯგუფი” საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება და კომპანია “სოკარ ენერჯი ჯორჯიას” მხარდაჭერას უცხადებს.

“საავტომობილო ჰოლდინგ “იბერია ბიზნეს ჯგუფის” სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში დაწყებულ კამპანიას, რომელიც უკავშირდება აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე მომხდარ მოვლენებს.

პირველ რიგში, გვსურს, განვაცხადოთ, რომ “იბერია ბიზნეს ჯგუფისთვის” უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და კულტურული ძეგლების დაცვა, მოვლა და პატრონობა. კომპანია ყოველთვის მზად არის, ხმა აიმაღლოს ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, განსაკუთრებით, თუ ეს დაკავშირებული იქნება რაიმე სახით ჩვენი ისტორიული ძეგლების ხელყოფასთან. ამავდროულად მეტად მნიშვნელოვანია, არ მოხდეს საქართველოში მოქმედი, წარმატებული უცხოური კომპანიების უსამართლოდ დისკრედიტება.

“სოკარ ენერჯი ჯორჯია” 10 წელზე მეტია, საქართველოს ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს. ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, კომპანია მუდმივად ქმნის ორ მეგობარ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითს და ნერგავს წარმოების მაღალ სტანდარტს.

კომპანია გამოირჩევა მაღალი სოციალური აქტივობით, ჩართულია მრავალ საქველმოქმედო საქმიანობაში და მუდმივად მხარს უჭერს ქართულ სპორტს, კულტურულ ღონისძიებებსა და და სხვა, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს.

“სოკარი” მუდმივად ისწრაფვის, რომ ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედმა კერძო სექტორმა ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მიერ რაიმე სახის პროვოკაციული ქმედება. მით უმეტესს, როდესაც საზღვარზე არსებული გაუგებრობა სწრაფადვე გადაწყდა და ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ აზერბაიჯან-საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა მეტად გაღრმავდება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად