იაპონიაში ყურძნის 24 მარცვლიანი მტევანი 11 100 აშშ დოლარად გაიყიდა

იაპონიაში გამართულ აუქციონზე ყურძენში გადახდილი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ისიკავას პრეფექტურის ქალაქ კანაძავაში გამართული აუქციონისას “რომაული ლალის” ჯიშის ყურძნის ერთი, 24 მარცვლიანი მტევანი 12 მილიონ იენად ანუ 11 078 დოლარად გაიყიდა.

“რომაული ლალი” ისიკავას პრეფექტურაში მოყავთ. იგი 1994 წელს გამოიყვანეს. ბაზარზე მისი დებიუტი 2000-იანებში, მას შემდეგ შედგა, რაც მან მიიღო ხარისხის სერტიფიკატი, რომლის თანახმადაც ამ კაშკაშა ლალისფერი, ტკბილი, წვნიანი ჯიშის ყურძნის მარცვლების დიამეტრი დაახლოებით 3 სმ.-ია, წონა არანაკლებ 20 გრამი, შაქრიანობა 18%, სიმჟავე ძალიან დაბალი, მთლიანად მტევანი კი 700 გრამს უნდა იწონიდეს.

2008 წელს, პირველ აუქციონზე, მტევანი, რომელიც 35 მარცვლიანი იყო, 910 დოლარად გაიყიდა (მარცვალი 26 დოლარად), 2016 წელს 26 მარცვლიან მტევანში 8400 დოლარი გადაიხადეს (მარცვალში 323 დოლარი), ხოლო წელს 1 მარცვლის ფასმა დაახლოებით 462 დოლარი შეადგინა.

წლევანდელ აუქციონზე ყურძენი კუნძულ ჰონსიუზე მდებარე რამდენიმე სასტუმროს მმართველმა ტაკასი ხოკოსავამ შეიძინა. აღნიშნულ სასტუმროებში არის ბუნებრივი თერმული წყლის აბანოები, სტუმრებს შეუძლიათ ატარონ ტრადიციული იაპონური სამოსი იუკატა, ისაუბრონ მასპინძელთან და საუზმეზე თუ ვახშამზე დააგემოვნონ იაპონური სამზარეულოს ტრადიციული კერძები, რომელთა ღირებულება ჩვეულებრივ, ნომრის ფასში შედის. ასეთი ტიპის სასტუმროები იაპონიაში არის მე-8 საუკუნიდან მოყოლებული და აქ დღეების გატარება იაპონელებისთვის გარკვეული რიტუალის შესრულების ტოლფასია.

“ჩვენ ფსონი, 1,2 მილიონი იენა, აუქციონზე ამ ჯიშის ყურძნის 12 წლისთავის აღსანიშნავად დავდეთ”, – აღნიშნა ტაკასი ხოკოსავამ და დაამატა: “ჩემთვის დიდი პატივია, რომ იაპონიის ახალი საიმპერატორო ერის – “რეივას” პირველ წელს, მაქვს შესაძლებლობა ვიყო ისიკავას პრეფექტურის ლალისფერი რომაელების მფლობელი. ჩვენ ვაპირებთ ამ ყურძნით ჩვენ კლიენტებს გავუმასპინძლდეთ ჩვენ ოტელებში”.

აღნიშნული ჯიშის ყურძენი მხოლოდ იაპონიაშია და ფერმერები, იმისათვის, რომ ფასი არ დაეცეს, ცდილობენ არ გაზარდონ მოსავლის რაოდენობა. ვარაუდობენ, რომ წლევანდელი მოსავალი დაახლოებით 26 000-მდე მტევანი იქნება. წელსაც, ხარისხისადმი წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, მსგავსად წინა წლებისა, მხოლოდ მცირე ნაწილი დააკმაყოფილებს ხარისხისადმი წაყენებულ მკაცრ მოთხოვნებს. ხშირ შემთხვევაში, “რომაულ ლალს”, სასტუმროების ქსელის მფლობელი კომპანიის მსგავსად, სარეკლამო მიზნით ყიდულობენ და თუ გავითვალისწინებთ, რომ რეკლამის ფასი ძალზე ძვირია, მაშინ, შესაძლოა, ასეთი ყურძნის მარცვალში გადახდილი 460 დოლარი, არც კი არის ძვირი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...