იაპონიაში, ახალი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოკვლევები შესაძლოა ივლისში დაიწყოს

იაპონიაში, ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური გამოკვლევები შესაძლოა 2020 წლის ივლისში დაიწყოს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ ორშაბათს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“ვაქცინის კლინიკური გამოკვლევები, რომელსაც ტოკიოსა და ოსაკას უნივერსიტეტების თანამშრომლები, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო კვლევითი ცენტრები ავითარებენ, შესაძლოა ივლისში დაიწყოს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

5 მაისს NHK-ის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აბემ განაცხადა, რომ იაპონიის ხელისუფლება, 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოყოფს ვაქცინის შემუშავებისთვის.

8 აპრილს ტოკიოში და მის მიმდებარე კანაგავას, საიტამასა და ტიბას პრეფექტურებში, აგრეთვე ოსაკასა და ჰიგოას პრეფექტურებში, იაპონიის მთავარი კუნძულის ჰონსიუს სამხრეთ-დასავლეთით და კუნძულ კიუსიუზე მდებარე ფუკუოკას პრეფექტურაში დაიწყო პრემიერ-მინისტრის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი. 16 აპრილს მთავრობის მეთაურმა იგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოვა. 4 მაისს კი, საგანგებო რეჟიმი 31 მაისამდე გახანგრძლივდა.

იაპონიაში, კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 16,5 ათასს გადააჭარბა, ხოლო 271 ინფიცირებული ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 646 კი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად