A1 ბანერი

იაპონია, სამხრეთ კორეისგან, იმპერატორის შესახებ ნათქვამის გამო ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ტოკიომ სეულს, სამხრეთ კორეის პარლამენტის სპიკერის მუნ ხი სანის ნათქვამის გამო იაპონიის იმპერატორის აკიჰიტოს მისამართით, პროტესტი გამოუცხადა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა სინძო აბემ განაცხადა.

“როდესაც ეს წავიკითხე, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობეთ სამხრეთ კორეას, რომ ასეთი საქციელი მიუღებელია. ჩვენ პროტესტი გამოვთქვით და ბოდიშს მოვითხოვთ”- განაცხადა სინძო აბემ.

12 თებერვალს, სამხრეთ კორეის პარლამენტის სპიკერმა, Bloomberg-თან ინტერვიუში, იაპონიის იმპერატორს მოუწოდა, ბოდიში მოიხადოს კორეელი ქალების წინაშე, რომლებიც, მეორე მსოფლიო ომის დროს, ძალდატანებით მუშაობდნენ იაპონიის სამხედრო ბორდელებში.

მუნ ხი სანის თქმით, თუკი ბოდიშს მოიხდის იაპონიის პრემიერმინისტრი, ან იმპერატორი, რომელიც მალე დატოვებს ტახტს, პრობლემა მოგვარდებოდა. ამავდროულად, სამხრეთ კორეის პარლამენტის სპიკერმა, იაპონიის იმპერატორს სამხედრო დანაშაულებში მთავარი დამნაშავის შვილი უწოდა.

იმავე დღეს, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სპიკერის ნათქვამი იმისკენ არის მიმართული, რომ ხაზი გაესვას ომის შედეგად დატანჯული ადამიანების მდგომარეობას.

უწყებაში აგრეთვე ადასტურებენ, რომ იაპონიის მხრიდან მიიღეს მოთხოვნა ბოდიშის მოხდის შესახებ, თუმცა ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...