იანუკოვიჩის ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, კიევი მის ექსტრადიციას მოითხოვს

იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სამკურნალოდ ისრაელში წავა, კიევი ქვეყნის ხელისუფლებას მისი გადაცემის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურორმა ანატოლი მატიოსმა განაცხადა.

“თუკი ეს მოხდება, აუცილებლად გავაგზავნით მოთხოვნას”, – აცხადებს პროკურორი.

მატიოსის თქმით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ძებნაში ინტერპოლის მიერ იმყოფება. ამავდროულად მან განაცხადა, რომ ეჭვი აქვს, იანუკოვიჩმა რუსეთი დატოვოს.

18 ნოემბერს იანუკოვიჩო მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი ხერხემლის დაზიანება გახდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ჩოგბურთის თამაშის დროს მიიღო. ამის შემდეგ კი, იანუკოვიჩის ადვოკატმა ალექსანდრ გოროშინსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, სამკურნალოდ შესაძლოა ისრაელში გადაიყვანონ.

ტრავმის შემდეგ, იანუკოვიჩმა უარი თქვა უკრაინის სასამართლო პროცესზე ვიდეოკამერით ჩართვაზე. მისი ადვოკატი კი აღნიშნავდა, რომ ყოფილი პრეზიდენტს ადგომა და თავისით გადაადგილება არ შეეძლო.

უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩს ბრალს სდებენ სახელმწიფოს ღალატში. სასჯელი კი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად