იაგო ხვიჩია: თუ ბიძინას გაშვება გვინდა, მოწინააღმდეგედ არა მიშა, არამედ სხვა ალტერნატივა უნდა დავუყენოთ

„ბიძინა მოიგებს მანამდე, სანამ მიხეილ სააკაშვილია მისი მოწინააღმდეგე, ამიტომ ცდილობს, რომ სულ სააკაშვილი ჰყავდეს მოწინააღმდეგედ და მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა ინსტრუმენტები მას ამაში ეხმარებიან. სინამდვილეში, ბიძინასაც ეს უნდა“, – ასე პასუხობს „აიპრესის“ კითხვას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იმაზე, თუ სადამდე იმუშავებს ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების თემა.

მისი თქმით, უნებლიე შეცდომაა და არა დაგეგმილი დახმარება.

„არა, ეს დაგეგმილი დახმარება ნამდვილად არ არის, უბრალოდ მათ არ უნდათ, რომ ოპოზიციურ ნიშაზე სხვა ვინმე გაჩნდეს, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. გასაგებია მათ ბრძოლის ასეთი სტილი აქვთ და ამაში გასაკრიტიკებელი არაფერია. ქართველი ხალხი კი ჯერჯერობით ვერ მიხვდა იმას, რომ თუ საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის წასვლა უნდა, მაშინ სააკაშვილი უნდა ჩავანაცვლოთ. იმიტომ, რომ იმას [სააკაშვილს] უგებს. ივანიშვილს მოწინააღმდეგედ სააკაშვილის გარდა სხვა ალტერნატივა ვერ შევთავაზეთ, ვერც საზოგადოებამ და ვერც პოლიტიკოსებმა, ამიტომ გვაქვს ეს რეალობა. როგორც აღვნიშნე სააკაშვილის მოწინააღმდეგეობა ივანიშვილს მოსწონს, ნაცნობი მეტოქეა და უგებს ხოლმე“, – გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გუშინ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა ლადო კახაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან ბლოკის „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე დაამარცხა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...