იაგო ხვიჩია საქართველო-ბელარუსზე: როცა ვამბობთ, სახელმწიფო სპორტში არ უნდა ერეოდეს ამასაც ვგულისხმობთ

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში დღეს გასამართ საფეხბურთო მატჩს ეხმიანება, რომელიც “დინამო არენაზე” საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის უმაყურებლოდ გაიმართება.

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩების წინ საქართველოს მთავრობამ, “გმირი ექიმების” რეკომენდაციით, საქართველოს ნაკრებს ნაჩუქარი საკუთარი მოედნის უპირატესობა დააკარგვინა.
როცა ვამბობთ, რომ სახელმწიფო სპორტში არ უნდა ერეოდეს ამასაც ვგულისხმობთ”, – წერს იაგო ხვიჩია Facebook-ში.

შეგახსენებთ, დღეს ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრები ბელარუსს მიიღებს. მატჩი “დინამო არენაზე” 20:00-ზე დაიწყება. იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ჯგუფში ნაჩვენები კარგი თამაშის წყალობით მასპინძლობის უფლება მოიპოვა, მატჩს სტადიონზე მაყურებელი მაინც ვერ დაესწრება. მიზეზი კორონავირუსია.

მართალია ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უეფამ სტადიონებზე მაყურებლების 30%-ის დასწრების ნებართვა გასცა, მაგრამ საქართველომ ეს შანსი ვერ გამოიყენა და როგორც ფედერაციის განცხადებაშია ნათქვამი ჯანმრთელობით ვერ გარისკავენ. არადა საქართველოსთვის ისტორიული შანსია. თუ საქართველო ბელარუსს გასცდება, ფინალში კოსოვოსა და მაკედონიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. იქ მიღწეული დადებითი შედეგის შემთხვევაში კი ისტორიას დაწერს და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე გავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად