იაგო ხვიჩია: „ოცნებამ” მაგიდაზე დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და აქედან პირდაპირ პარლამენტში მივდივარ

ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით განუცხადა და განმარტა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადება ნულოვანი ბარიერის შესაძლო შემოღების თაობაზე საკმარისი არ არის.

„მამუკა მდინარაძის განცხადება საკმარისი რომ ყოფილიყო, უკვე პარლამენტში ვიქნებოდით, მაგრამ საკმარისი არ არის. მხოლოდ პირველი ნაბიჯის დასაწყისია, რომ ამაზე საუბარი დავიწყოთ, მაგრამ აქედან არ ჩანს ის, რასაც ამდენი წელია ქართველი ხალხი ითხოვს. აქედან გამომდინარე, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ამბავს. ვფიქრობ, კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო და ხელისუფლებამ თქვა, რომ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ მიმართულებით ჯერ არაფერი კონკრეტული არ დევს მაგიდაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და აქედან პირდაპირ პარლამენტში მივდივარ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კითხვაზე, როგორ აპირებს „გირჩი“ დანარჩენი ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შევიდნენ, იაგო ხვიჩიამ უპასუხა, რომ ყველა ხერხს გამოიყენებს.

„ყველანაირი ფორმით. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დადოს და რა ფორმაც იქნება საჭირო, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, ყველაფერს გამოვიყენებთ. ჩვენ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“, რათა ხორცი შეისხას იმ შეთავაზებამ, რაზეც გუშინ ბატონი მდინარაძე საუბრობდა. ჯერ კითხვები გვაქვს, მაგალითად, გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის „ქართული ოცნება“, დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია ვისზე რა გაჭრის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის უბარიერო სისტემასაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...