იაგო ხვიჩია: მე მაკო გომურის ნაცვლად ვერავის ვერაფერს ვაპატიებ

არ მინდა, რომ ამ შეთანხმების შემდეგ ნიკა მელია ისევ მოხვდეს ციხეში. ამნისტიის კანონპროექტისთვის მხარი არ დამიჭერია მეორე მოსმენით, – ამის შესახებ “გირჩის” თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

მისი თქმით, რა ვერსიითაც კანონპროექტი მეორე მოსმენაზე გავიდა, ეს მას შარლ მიშელის დოკუმენტზე წინააღმდეგობად მიაჩნია.

“მე პირველი მოსმენით მხარი დავუჭირე ამნისტიის კანონპროექტს იმ პირობით, რომ თუ დავინახავდი, რომ მეორე მოსმენაზე გათვალისწინებული იქნებოდა ჩემი შენიშვნა. დანარჩენ ოპოზიციას აქვს განსხვავებული შენიშვნა, მე – განსხვავებული. მე არ მინდა, რომ ამ შეთანხმების შემდეგ ნიკა მელია ისევ მოხვდეს ციხეში და ეგეთი რისკი დაემუქროს. აქედან გამომდინარე ამნისტიის კანონპროექტისთვის მხარი არ დამიჭერია მეორე მოსმენით. რა ვერსიითაც გავიდა, ეს მიმაჩნია წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან. არ მინდა პასუხისმგებლობა ავიღო ისეთ რამეზე, ხვალ რომ მეტყვიან, რომ თქვენ ხომ მიიღეთ ამნისტია და ისევ აღმოჩნდა კაცი ციხეში.

ახსენეთ ოკუპანტის ამნისტიაო, მაგრამ მე ასე არ ვუყურებ. ორივე მხარეს ქართველები ვიდექით. პატიება უნდა შეგვეძლოს, მაგრამ მე მაკო გომურის მაგივრად ვერავის ვერაფერს ვერ ვაპატიებ. პატიება შემდგარი იქნება მაშინ, როდესაც იმ დღეს დაზარალებული ადამიანები გამოვლენ და აპატიებენ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
იტვირთება...